ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ევროკავშირს ჩრდილოეთ ირლანდიასთან სავაჭრო წესების შეცვლისკენ მოუწოდებს


ორშაბათს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარკოს სეფკოვიჩს უთხრა, რომ ბლოკს უნდა ჰქონდეს მზაობა, რათა ჩრდილოეთ ირლანდიასთან „ბრექსითის“ შემდგომი სავაჭრო წესები შეცვალოს. მან კიდევ გაიმეორა, რომ ლონდონს „მოლაპარაკებით მიღწეული გადაწყვეტა“ სურს.

„ვესაუბრე (ევროკომისიის) ვიცე-პრეზიდენტ მარკოს სეფკოვიჩს, რათა განგვეხილა კანონი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, რათა მოვაგვაროთ პრობლემები ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებით და პოლიტიკური სტაბილურობა აღვადგინოთ“, დაწერა ტრასმა „ტვიტერზე“.

ევროკავშირი აკრიტიკებდა ლონდონის ნაბიჯებს, რომელიც ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდიური პროტოკოლის დასაშლელად იყო მიმართული.

„ერთპიროვნული ქმედება ურთიერთნდობას აზიანებს და გაურკვევლობის ფორმულას წარმოადგენს“, დაწერა სეფკოვიჩმა „ტვიტერზე“.

„ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი“ „ბრექსითის“ შეთანხმების ნაწილია და კუნძულ ირლანდიაზე, ჩრდილოეთ ირლანდიას, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის საზღვარზე, განსაკუთრებულ საბაჟო და საიმიგრაციო საკითხებს აწესრიგებს.

პროტოკოლის პირობებზე მოლაპარაკებები 2019 წელს მიმდინარეობდა და 2020 წლის დეკემბერში დასრულდა. გაერთიანებულ სამეფო-ირლანდიის საზღვარს განსაკუთრებული სტატუსი 1998 წლის, ეგრეთწოდებული, "დიდი პარასკევის" შეთანხმების შემდეგ აქვს. საზღვარი მეტწილად გახსნილი იყო ბარიერების და საბაჟო შემოწმებების გარეშე. ეს შესაძლებელი იყო იმით, რომ ორივე ქვეყანა ევროკავშირის საერთო ბაზრის, საბაჟო კავშირის და ერთიანი სამოგზაურო ტერიტორიის წევრი იყო. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ირლანდიაში საზღვარი, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ერთადერთ სახმელეთო საზღვრად იქცა.

პროტოკოლის თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდია ფორმალურად ევროკავშირის საერთო ბაზრის გარეთაა, მაგრამ ევროკავშირის საქონლის თავისუფალი გადაადგილების და ევროკავშირის საბაჟო კავშირის წესები მაინც მოქმედებს. ჩრდილოეთ ირლანდიიდან დიდ ბრიტანეთში საქონელი შეიძლება შეუზღუდავად გადაადგილდეს, მაგრამ არა შემხვედრი მიმართულებით.

XS
SM
MD
LG