უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათი ნაწილი იძულებული გახდა სევეროდონეცკის ცენტრიდან უკან დაეხია. ქალაქისთვის რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მწვავე შეტაკებები გრძელდება.
უკრაინის გაერთიანებული შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარი ქალაქის ცენტრს არტილერიით ბომბავდა და ტერიტორია იქ მყოფმა ბოლო უკრაინელმა ჯარისკაცებმაც დატოვეს.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ამბობდა, რომ მეომრები აღმოსავლეთში თითოეული მეტრისთვის იბრძოდნენ მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქეს და სამოქალაქო პირებისა და სამხედროებისთვის გასაქცევი გზა გაანადგურეს.
"ოკუპანტების უმთავრესი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა. ისინი სევეროდონეცკს უტევენ. იქ სასტიკი ბრძოლა გრძელდება, არსებითად თითოეული მეტრისთვის", თქვა ზელენსკიმ თავის ღამის მიმართვაში და დასძინა, რომ რუსი სამხედროები დონბასში რეზერვებს ავსებენ. პრეზიდენტის თქმითვე, ამ სასტიკ ბრძოლაში რუსეთი ბევრ ახალგაზრდა და გამოუცდელ ჯარისკაცს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს.
სერჰიი ჰაიდაი, უკრაინის რეგიონული სამხედრო გუბერნატორი კვირას ამბობდა, რომ რუსულმა ჯარებმა ალყაშემორტყმულ სევეროდონეცკთან მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი სამი ხიდიდან მეორეც ააფეთქეს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მომავალი თვეების განმავლობაში მდინარეების გადაკვეთის წერილები ომის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორები გახდება. ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმოაჩინოს ის კომპლექსური კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისას მდინარეების კვეთასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი და წარმატებული ოპერაციების განსახორციელებლად.
მიუხედავად რთული ვითარებისა, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინული ძალები ხელს უშლიან რუსეთს სწრაფად ჩაიგდოს ხელში ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიები. "მაისის დასაწყისიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონ დონბასს მთლიანად ხელში ჩაიგდებდნენ. ომის 108-ე დღესაც, უკვე ივნისსში, დონბასი კვლავ დგას", თქვა ზელენსკიმ.
სევეროდონეცკი ბოლო პერიოდში ომის ყველაზე მწვავე წერტილია და შესაძლოა ომის შედეგთან დაკავშირებით გარდამტეხიც აღმოჩნდეს. რუსეთის მიერ დაბომბვების შედეგად ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული. ჰაიდაი ამბობს, რომ ხიდების განადგურებასთან ერთად, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის მხოლოდ ერთი გზაღა რჩება.