დრო იწურება - ატლანტის ოკეანეში 5 ადამიანის ძებნა გრძელდება

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა დრო ეკიპაჟის 5 წევრის გადასარჩენად უფრო და უფრო მცირდება. წყალქვეშა ნავს "ტიტანი", ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის სამყოფი ჟანგბადის მარაგი ეწურება. ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ მარაგი გემზე 22 მაისს, ადგილობრივი დროით, შუადღისთვის ამოიწურება.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა სამძებრო სამუშაოებს აფართოებს და პროცესში კიდევ უფრო მეტ გემსა და თვითმფრინავს რთავს. სამაშველო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული კანადა, რომლის ნაპირებიდანაც წყალქვეშა ნავით დატვირთული გემი გავიდა.

„ეს არის სამძებრო-სამაშველო მისია, 100%-ით“, - თქვა მან. ”... ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ხელმისაწვდომი აქტივის გამოყენებას, რათა ვიპოვოთ "ტიტანი" და ეკიპაჟის წევრები,“- ამბობს ამერიკელი კაპიტანი ჯეიმი ფრედერიკი.

სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და იმედი, რომ ეკიპაჟის წევრების გადარჩენა მოხდება, თანდათან მცირდება. ისინიც კი, ვინც ოპტიმისტურად უყურებენ პროცესს, ამბობენ, რომ წინ ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი, იქნება ეს გემის მდებარეობის დაზუსტება, სამაშველო აღჭურვილობით წყალქვეშა ნავთან მისვლა თუ მის ზედაპირზე ამოყვანა.

კომპანია "ოუშენ გეითის" წყალქვეშა აპარატს ტურისტები ატლანტის ოკეანის სიღრმეში ჩაჰყავს აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად. მორიგი ექსპედიცია გასული კვირის ბოლოს დაიწყო. აპარატთან კონტაქტი 18 ივნისს შეწყდა.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, „ტიტანზე" იმყოფებიან: ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ჩაძირული „ტიტანიკის“ კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მის ვაჟ სულეიმანთან ერთად და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში.

1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ექსპედიცია იწყება კანადის ნიუფაუნდლენდიდან და გრძელდება უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო კაცზე 250 000 დოლარია.