ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვა რუსეთში ღონისძიებაში მონაწილეობის გამო მოციგურავისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს


ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა.
ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა.

ლიეტუველმა კანონმდებლებმა მოსკოვში დაბადებული მოციგურავე მარგარიტა დრობიაზკოსთვის მოქალქაეობის ჩამორთმევის პროცესი დაიწყეს. ლიეტუვის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2022 წლის აგვისტოში, რუსეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობაა.

ლიეტუველი კანონმდებლების მიერ მარტში მიღებული კანონი, იმ პირებისთვის მოქალაქეობის ჩამრთმევას უშვებს, რომლებმაც ქვეყნის პასპორტი, კულტურასა და სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღეს, თუმცა ამა თუ იმ ნაბიჯით საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას.

დრობიაზკოსთვის მოქალაქოების ჩამორთმევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ასეთ მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

2022 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც მოციგურავემ მონაწილეობა მიიღო კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მეუღლის, ტატიანა ნავკას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, ლიეტუვის პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. ნაუსედას განკარგულებით, მარგარიტა დრობიაზკოს და მის მეუღლეს, ასევე ცნობილ მოციგურავე პოვილას ვანაგასს, გედიმინასის ორდერი ჩამოართვეს. ვანაგასი ლიეტუვაშია დაბადებული.

ქალაქ სოჭში გამართულ ღონისძიებაში წყვილის მონაწილეობას, ნაუსედამ „ცინიკური“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული ომის პირობებში, 1993 წელს დრობიაზკოსთვის მინიჭებული ლიეტუვის მოქალაქეობა, "სამარცხვინო ფარსს“ გავს.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დრობიაზკო ფიგურულ სრიალში ლიეტუვას საერთაშორისო ტურნირებზე წარმოადგენდა. 1993 წელს მან ლიეტუვის მოქალაქეობა მიიღო თუმცა, მრავალი წელია, მეუღლესთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. 2000 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, წყვილმა ბრინჯაოს მედლები მიიღო. ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 2000 და 2006 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე.

გასულ წელს, იმავე, პესკოვის მეუღლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა, ფიგურული სრიალის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა და ორგანიზაციიდან გააძევა ოლიმიური ჩემპიონი, ვიქტორ პეტრენკო.

XS
SM
MD
LG