ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაფიცვის მე-15 დღე: ჭიათურელი მაღაროელების ხმა ისევ არ ესმით


ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება

ორი კვირაზე მეტია, ჭიათურაში 3300-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია და გაჩერებულია ყველა მაღარო. 10 მაღაროელი ჭიათურის ცენტრში, მეცხრე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად ერთმა მოშიმშილემ პირი, მეორემ კი თვალები ამოიკერა და შესაძლოა, მხედველობა საერთოდ დაკარგოს.

მეორე დღეა, ჭიათურელების პროტესტმა დედაქალაქშიც გადმოინაცვლა. მაღაროელების ნაწილმა, თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო პარლამენტიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისისკენ. თავიდან მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით მატება იყო, რომელიც შემდეგ 20%-იან მატებამდე შემცირდა, თუმცა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მფლობელი კომპანია ამაზეც უარს ამბობს.

მოშიმშილე მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა
მოშიმშილე მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა
“ჯორჯიან მანგანეზისგან” გაფიცვის დაწყებამდე, გვქონდა მოთხოვნა, რომ შრომის ნაყოფიერება 40-50%-ით უნდა გაგვეზარდა. თუ, ვერ ვყიდით იმ მადანს, რასაც დღემდე ვაწარმოებდით, მაშინ რატომ გვჭირდება 50%-ით მეტი მადნის მოპოვება?
ტარიელ მიქაცაძე, ჭიათურელი მაღაროელი

“ჯორჯიან მანგანეზი” აცხადებს, რომ ხელფასებს ვერ გაზრდის, რადგან ფეროშენადნობების ბაზარზე მწვავე კრიზისია, ექსპორტი თითქმის 60%-ით არის შემცირებული და გაფიცვამდე, კომბინატი მხოლოდ 70%-იანი დატვირთვით მუშაობდა. ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან გაფიცული მაღაროელები.

“ჯორჯიან მანგანეზისგან” გაფიცვის დაწყებამდე, გვქონდა მოთხოვნა, რომ შრომის ნაყოფიერება 40-50%-ით უნდა გაგვეზარდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სამთოელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მისი თქმით, „ეს ეწინააღმდეგება კომპანიის განცხადებას, რომ კრიზისია მსოფლიო ბაზარზე, თუ ვერ ვყიდით იმ მადანს, რასაც დღემდე ვაწარმოებდით, მაშინ რატომ გვჭირდება 50%-ით მეტი მადნის მოპოვება?

ამის რეალიზაცია როგორ უნდა მოვახდინოთ? ამიტომ, არ გვჯერა ჩვენ “ჯორჯიან მანგანეზის”, ნდობა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არის ძალიან მცირე“ - ამბობს ტარიელ მიქაცაძე, რომელიც ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს თბილისში ხელმძღვანელობს.

ტარიელ მიქაცაძე: "არ გვჯერა "ჯორჯიან მანგანეზის"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00

ხელფასის გაზრდის, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გარდა, მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჭიათურაში ეკოციდის შეჩერებაა. “ჯორჯიან მანგანეზისგან” ითხოვენ, რომ ჭიათურის და საჩხერის რაიონებში, ახალ ტერიტორიებზე მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით, ყველა სათანადო წესის დაცვით და მხოლოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით მოხდეს.

ღია კარიერული წესით მოპოვების შემდეგ, რეკულტიცავია, დახურვა და დაკონსერვება აღარ ხდება, არ ხდება ჰუმუსის აღდგენა...
სიმონ მიქაცაძე, ჭიათურელი მაღაროელი

„ეს ნამდვილი კატასტროფაა ჭიათურისთვის, თითოეული გადათხრა და მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, რომელსაც ქვეკონტრაქტორი კომპანიები და თვითონ “ჯორჯიან მანგანეზიც” აწარმოებს" - გვეუბნება სამთოელი სიმონ მიქაცაძე.

მისი თქმით, "როცა ამ ტერიტორიის რეკულტიცავია, დახურვა და დაკონსერვება აღარ ხდება, არ ხდება ჰუმუსის აღდგენა, რომ ნიადაგი აღდგეს და ამ მიწაზე მომავალში ისევ მოსავალი მოვიდეს, ეს რაიონისთვის უზარმაზარი პრობლემაა".

"ჯორჯიან მანგანეზის" ლიცენზიის არეალი: ჭიათურის რაიონში ღია კარიერური წესით მადნის მოპოვება
"ჯორჯიან მანგანეზის" ლიცენზიის არეალი: ჭიათურის რაიონში ღია კარიერური წესით მადნის მოპოვება

"ამ ყველაფერს არ აკეთებენ, ეს ღია კარიერები კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ელემენტარულად საფრთხეა ადამიანისთვის, საქონლისთვის, რომ ჩავარდეს ამ ღია მიტოვებულ კარიერებში. ეს მტვერი, ნაწილაკები, რაც ქარს მოაქვს ამ ღია კარიერებიდან ჭიათურაში ცხოვრებას გაუსაძლის ხდის“ - ამბობს სიმონ მიქაცაძე.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში და ნაწილობრივ საჩხერეში 2007 წლიდან ოპერირებს, როცა უკრაინელმა მილიარდერმა იჰორ კოლომოისკიმ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ვარციხე ჰესი შეიძინა. ეს ტრიო იმერეთის რეგიონში, მანგანუმის მოპოვებისა და სილოკო მანგანუმის წარმოების საშუალებას ერთ ციკლში იძლევა.

2013 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზი“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელიც ასევე იჰორ კოლომოისკის საკუთრებაა.

ჭიათურელ მაღაროელებს პრობლემები არ ელევათ
ჭიათურელ მაღაროელებს პრობლემები არ ელევათ

2012, 2014 და 2016 წლებში, „ჯორჯიან მანგანეზი" საქართველოში გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, საერთო ჯამში, დაახლოებით, 417 მილიონი ლარით დააჯარიმეს, თუმცა სახელმწიფომ კომპანიისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ნაცვლად, 2017 წელს, სპეციალური მმართველი დანიშნა.

მილიარდების მანგანუმი გადის ქვეყნიდან და ის ქალაქი და რაიონი, საიდანაც ეს მილიარდები გადის, შეურაცმყოფელად არ ვამბობ ამას, აფრიკული ექსტრატივიზმის ფორმებით არის გაუბედურებული. ეს ექსტრატივიზმის ფორმები, არა მხოლოდ გარემოს, არამედ, ადამიანების გაუბედურებასაც გულისხმობს
არჩიბალ მეკეში

ბოლო ხუთი წელია, კომპანია ჭიათურაში, მუშაობას სახელმწიფოსთვის მილიონობით ზიანის აუნაზღაურებლად განაგრძობს. ექსპერტების აზრით, მაღაროელთა ბოლო წლების გაფიცვები (2019, 2021, 2023), ასევე, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კვლევები თუ ჟურნალისტური გამოძიებებიც მოწმობს, რომ სახელმწიფო მმართველი კომპანიაში რეალურად ბიზნეს გავლენების გადასანაწილებლად დაინიშნა. ჭიათურის ეკოლოგიური თუ შრომითი პრობლემების უდიდესი ნაწილი კი ისევ მოუგვარებელია.

„ჭიათურა არის მოდელი, საქართველოში მიმდინარე პროცესების, მიკრო დონეზე. ერთი პატარა ქალაქი არის სიმბოლო, გაძარცვული საქართველოსი“ - ამბობს აქტივისტი არჩიბალდ მეკეში.

მისი თქმით, „ყოველწლიურად, მილიარდების მანგანუმი გადის ქვეყნიდან და ის ქალაქი და რაიონი, საიდანაც ეს მანგანუმი გადის, შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ ამას, არის აფრიკული ექსტრატივიზმის ფორმებით გაუბედურებული.

ეს ექსტრატივიზმის ფორმები, არა მხოლოდ გარემოს, არამედ, ადამიანების გაუბედურებასაც გულისხმობს. ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასრულებელ სამუშაოში, სადაც წელი არ გავა, რომ ვინმე არ გარდაიცვალოს, მაქსიმუმ გამოსდით 1500 ლარი ხელფასი. ეს ხალხი არის დატოვებული, მარტო, საკუთარი თავის იმედად“.

"ეს ხალხი არის დატოვებული, მარტო, საკუთარი თავის იმედად“
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

„ჯორჯიან მანგანეზი“ ხელფასების 20%-ით მატებას შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს. კომპანიის განცხადებით, 2023 წლის თებერვლიდან, ჭიათურის კომბინატი სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, გლობალური კრიზისის გამო მადნის მოპოვება და გამდიდრება შეჩერებულია. ამ რეჟიმის გამო, ხუთი თვეა „ჯორჯიან მანგანეზი“ 3300-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში, დაახლოებით, 6 მილიონ ლარზე მეტია.

მაღაროელების მხრიდან, ხელფასის 10 მილიონი დოლარით ზრდის მოთხოვნა, ძალიან ალოგიკურია
ლაშა თუთბერიძე, "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი

„გაფიცულები ცალსახად ითხოვენ ხელფასის 20%-ით გაზრდას, ჩვენ ვთავაზობთ 5%-ით გაზრდას, როცა კომპანია სრულად ამუშავდება. ის 15%, რასაც ჩვენი დასაქმებულები დამატებით ითხოვენ, ეს არის 10 მილიონი დოლარის წლიური ხარჯი. ამ ფონზე, მათი მხრიდან, ხელფასის 10 მილიონი დოლარით ზრდის მოთხოვნა, ძალიან ალოგიკურია“ - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი ლაშა თუთბერიძე.

მასობრივი გაფიცვა "ჯორჯიან მანგანეზში" ე.წ ვახტური რეჟიმის, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკიდან (ვახტური რეჟიმი გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობას და მომდევნო 15 დღით დასვენებას, სახლში წაუსვლელად, "ჯორჯიამ მანგანეზის" სანატორიუმში - ზ.წ), გაზრდილი გეგმით, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას მოჰყვა.

გაფიცულების აზრით, "ჯორჯიამ მანგანეზი" 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით და გაზრდილი გეგმით, მოპოვებული მადნის თვითღირებულების შემცირებას, მაღაროელების შრომისა და ანაზღაურების ფასად შეეცადა.

„ჯორჯიან მანგანეზს“, რომელსაც 2017 წლიდან სახელმწიფოს სპეციალური მმართველი მართავს, წიაღით სარგებლობის ლიცენზია საქართველოში 2046 წლამდე აქვს. ლიცენზიის არეალშია 16 430 ჰექტარი, საიდანაც ჭიათურის რაიონშია 13 068 (ჭიათურის მთლიანი ფართობის 24%), ხოლო საჩხერის რაიონში - 3 362 ჰექტარი.

საპროტესტო მსვლელობა პარლამენტიდან "ჯორჯიამ მანგანეზის" ოფისისკენ
საპროტესტო მსვლელობა პარლამენტიდან "ჯორჯიამ მანგანეზის" ოფისისკენ
XS
SM
MD
LG