რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს". მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერეს.
„ახლა არის ძალიან რთული მდგომარეობა, 24-საათიანი აქციაა, მუხტი თანდათან იზრდება, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ძალიან დიდი ღელვა", - უთხრა აქციის მონაწილემ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტარიელ მიქაცაძემ. როგორც მან განაცხადა, გაფიცული მაღაროელები არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან.
„ჭიათურის ტკივილი ჩამოვიტანეთ აქ. სამწუხაროდ, ანალოგიურ პრობლემებს განიცდიან თბილისის და სხვა ქალაქების დასაქმებულები. ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი, აქ გაჭირვებამ ჩამოგვიყვანა. სწორად გამიგეთ ყველამ, ჩვენ ვერ მივეკუთვნებით ვერც ერთ პარტიას. მე მიჭირდა ამის თქმა და მადლობა, რომ გამიგეთ, - თქვა მან და დაამატა, - ჩვენ ჩვენი ტკივილის მოსაგვარებლად ჩამოვედით, დასვენების დრო არ გვაქვს, ვერ მოვისვენებთ. ამის უფლებას ის ხალხი არ მოგვცემს, რომელიც თვალ და პირამოკერილი გველოდებიან. ჩვენ ვერ ავითქვიფებით პოლიტიკურ და ოპოზიციურ წრეებში, ვერ გამოვადგებით".
"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ თანამშრომლების მხრიდან ახლა ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. კომპანიის პრესკონფერენცია გაიმართა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისში, რომელიც "კინგ დევიდის" კომპლექსში მდებარეობს.
"თანხმობას და მზაობას ვაცხადებთ, ხელფასების მატება მიბმული იყოს გარკვეულ სამომავლო ფინანსურ შედეგებზე, როდესაც დაიდება, დადასტურდება ჩვენი ზარალიანობის... რაღაცაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ან დღეს გვაქვს თუ არა საშუალება გადავიხადოთ (ეს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ ნახოს), ან შევთანხმდეთ, რომ ხვალ რომ მე მექნება, შემდეგ მოვუმატოთ", - თქვა კომპანიის დირექტორმა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით გაზრდა კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას. მაღაროელები თავდაპირველად ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანია ხელფასის მხოლოდ 5 პროცენტით მომატებას დასთანხმდა.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
კომპანია თანახმაა მიიღოს რამდენიმე გადაწყვეტილება:
- "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
- "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
- "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში აქციების გამართვას გეგმავს.
"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო - იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი, გიორგი კუპატაძე.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
Facebook Forum