ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბელი ოფიციალური პირები რუსეთიდან ნავთობისა და ტურიზმის შესახებ დაპირებებით დაბრუნდნენ


მოსკოვში კუბის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტი დასრულდა. ადგილობრივი რუსული მედია იუწყება, რომ დელეგაცია იმ 30 სავაჭრო შეთანხმების შესახებ სასაუბროდ ჩავიდა მოსკოვში, რომელსაც ხელი მხარეებმა მაისის თვეში ჰავანაში მოაწერეს.

კუბა და რუსეთი დიდი ხანია მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანა ამერიკის სანქციების სამიზნეა. ამ სანქციების გამკაცრებასთან ერთად კი ქვეყნები სულ უფრო აღრმავებენ თანამშრომლობას.

კუბის პრემიერ-მინისტრი მანუელ მარერეო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯერარდო პენალვერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მოსკოვში 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი მაისში დადებული შეთანხმების თანახმად, განიხილავდნენ კუბის შაქრისა და რომის ექსპორტის, ასევე კუნძულზე რუსული ხორბლისა და ნავთობის შეტანის საკითხებს.

კუბის პრემიერი თავის რუს კოლეგას, მიხაილ მიშუსტინსა და ასევე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა.

კომუნისტურ კუბაზე ამერიკას სანქციები 1959 წლიდან აქვს დაწესებული. პოლიტიკური გარემოებების შესაბამისად, სანქციები პერიოდულად უფრო მკაცრდება. დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტობის დროს კი მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ კუბაში საკვების, საწვავისა და წამლების დეფიციტი შეიქმნა.

XS
SM
MD
LG