ორშაბათს, თეთრმა სახლმა გასულ 5 თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში დაღუპულ ან დაშავებული სამხედროების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში უკრაინაში, რუსული ჯარის რიგებს შორის, მსხვერპლი 100,00 შეადგენს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით აქედან ბრძოლის ველზე, 20,000 რუსი სამხედრო დაიღუპა. მოკლულებს შორის ნახევარი "ვაგნერის დაჯგუფების" მებრძოლები არიან. დაზვერვის მონაცემები ბახმუტსა და უკრაინის სხვა რეგიონებში მიმდინარე ბრძოლებს მოიცავს.
"რუსეთის მცდელობა ზამთრის შეტევასთან დაკავშირებით დონბასში, ძირითადად კი ბახმუტში, ჩაიშალა",- თქვა კირბიმ.
ასევე ნახეთ: კიევი: ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსულმა ძალებმა რამდენიმე პოზიცია დატოვა"გასულ დეკემბერში, რუსეთმა წამოიწყო შეტევა [ფრონტის] რამდენიმე ნაწილში, მათ შორის ვუჰლედარში, ავდიივკაში, ბახმუტსა და კრემინაში. ამ მცდელობების უმეტესობა ჩაიშალა. რუსეთმა ვერ შეძლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რომელიმე ტერიტორიის აღება",- უთხრა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში.
კირბის თქმით, მართალია რუსებმა გარკვეულ უმნიშვნელო წინსვლას მიაღწიეს ბახმუტში, მაგრამ ეს "ძალიან საშინელ, მძიმე ფასად" დაუჯდათ.
ბახმუტის მისადგომებთან რუსული მხარიდან, ძირითადად ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერის" დაჯგუფების მებრძოლები იბრძვიან. პრიგოჟინი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრს და ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის დაჯგუფებას" არ ეხმარება.
ასევე ნახეთ: შოიგუ: იარაღის წარმოების გაზრდა უკრაინაში წარმატების საწინდარიავაგნერის დაჯგუფების დაქირავებული სამხედროები არიან "რუსი მსჯავრდებულები, რომლებიც ბრძოლის ველზე მოისროლეს საჭირო საბრძოლო წვრთნების, მეთაურის, თუ მართვის რაიმე უნარების გარეშე",- ამბობს კირბი.
ომის გასული 5 თვის განმავლობაში მსხვერპლზე საუბრის დროს, კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. რუსეთის მიერ უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკამ უკრაინას 35,1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა, რაც შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს.