თეთრი სახლი და გაზეთი „ლოს-ანჯელეს თაიმსი“ უარყოფს რაიმე სახის წინასწარ შეთანხმებას, კითხვის შინაარსის გაზიარების შესახებ. საქმე ეხება 26 აპრილს, თეთრი სახლის ვარდების ბაღში განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული შეკითხვები წინასწარ. ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“ - ასე პასუხობს თეთრი სახლის პრესსპიკერი, კარინ ჟან-პიერი რეპორტიორების კითხვას. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა ბარათს, რომელიც ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტს ხელში ეჭირა. ბარათზე წერია - „კითხვა #1“, ასევე მასზე დატანილია „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ კორესპონდენტის, კორტნი სუბრამანიანის ფოტო და სახელი და გვარი, კითხვით - „როგორ უკავშირებთ თქვენს საშინაო პრიორიტეტებს, როგორიცაა ნახევარგამტარების წარმოების გადახედვა, ალიანსებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას?"
პრეზიდენტის ხელში ბარათის ახლო ხედი, ვარდების ბაღში, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ფოტოგრაფმა გადაიღო.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, პირველი სიტყვა სუბრამანიანს მისცა, რომელმაც პრეზიდენტს ჰკითხა: „თქვენი მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი იყო აშშ-ის შიდა წარმოების განვითარება ჩინეთთან კონკურენციაში, მაგრამ თქვენი წესები ჩინეთში ჩიპების წარმოების გაფართოების წინააღმდეგ, ზიანს აყენებს სამხრეთ კორეის კომპანიებს, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი პეკინზე. აზიანებთ თუ არა მთავარ მოკავშირეს ჩინეთთან კონკურენციაში, რათა დაეხმაროთ თქვენს საშინაო პრიორიტეტებს არჩევნების წინ?"
ბაიდენმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ვრცელი და ნიუანსური კომენტარით უპასუხა.
„როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმებაა“
ჟან-პიერმა მომდევნო დღეს განმარტა, რომ სუბრამიანი იყო ერთ-ერთი იმ ორი კორსეპონდენტიდან, რომელსაც ბაიდენმა კითხვის დასასმელად სიტყვა მისცა, რადგან, მისი თქმით, ამერიკულ შტატებს შორის, ყველაზე მეტი კორეელი ამერიკელი, სწორედ კალიფორნიაში ცხოვრობს.
„ჩვენ გონივრულად ვირჩევთ, ვის ავარჩევთ და ვისთან გვსურს კომუნიკაცია“ - განაცხადა ჟან-პიერმა.
მისმა პასუხმა, ბრიფინგების ოთახში მყოფი აუდიტორია არ დააკმაყოფილა. მათ შორის, ვისაც უარი ეთქვა საპასუხო კითხვის დასმაზე, იყო ჯონ დეკერი, „Gray Television“ - ის ჟურნალისტი. დეკერის თეთრი სახლის კორესპონდენტობის კარიერა მოიცავს თეთრი სახლის 16 პრესმდივანს და ხუთ პრეზიდენტს.
„უბრალოდ ვცდილობდი მეკითხა [პრესმდივნისთვის], ამბობს თუ არა ის, რომ კითხვა, რომელიც ყველას შეეძლო ამ ე.წ. „საკარნახო ფურცელზე“ წაეკითხა, არ ჰგავს იმ შეკითხვას, რომელიც თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე დაისვა? ის მსგავსი იყო“ - უთხრა დეკერმა „ამერიკის ხმას“.
„არასდროს მინახავს შემთხვევა, რეპორტიორის კითხვა, რომელიც წინასწარ დაანონსებულ თეთრი სახლის პრესკონფერენციას აშუქებს, პრეზიდენტისთვის [წინასწარ] მიეცათ. ამის დაშვება ნამდვილად ცუდად აისახება თეთრი სახლის პრეს კორპუსზე. ისე ჩანს, როგრც ჩანს, წინასწარი შეთანხმებაა“ - ამბობს დეკერი.
ხუთშაბათის ბრიფინგის შემდეგ, თეთრმა სახლმა, საკითხთან დაკავშირებით კითხვებს პასუხის არ გასცა.
„კარინემ, ამასთან დაკავშირებით, ბრიფინგების ოთახში დღეს მკაფიოდ და სიღრმისეულად ისაუბრა“ - უთხრა პრესმდივნის მთავარმა მოადგილემ, ოლივია დალტონმა „ამერიკის ხმას“, რომელიც ცდილობდა, პრეზიდენტისადმი წინასწარ გაგზავნილი კითხვის თემა გაეგრძელებინა.
სუბრამანიანს კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა გაზეთმა მედიაორგანიზაციების მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.
„ჩვენს რეპორტიორს არ გაუგზავნია რაიმე შეკითხვა პრეზიდენტ ბაიდენთან კითხვა-პასუხის წინ“ - აცხადებს "ლოს-ანჯელეს ტაიმსის" კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი, ჰილარი მენინგი. მისი განცხადებით, სუბრამანიანი „რეგულარულ კონტაქტშია თეთრი სახლის პრესსამსახურთან და ეძებს ინფორმაცია საკუთარი მასალისთვის. თქვენ უნდა ჰკითხოთ თეთრს სახლს, ვინ მოამზადა დოკუმენტი პრეზიდენტისთვის და რატომ შეიტანეს ეს კითხვა.“
აპრილ რაიანი, „Grio“-ს ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უჩვეულო არ არის, პრეზიდენტებს ჰქონდეთ ბარათი, რომელშიც იქნება ჟურნალისტები ჩამონათვალი, რომლებსაც პოტენციურად კითხვის დასასმელად სიტყვა მიეცემათ. თუმცა, მისივე თქმით, არასოდეს უნახავს ისეთი ბარათი, რომელზეც რეპორტიორის სურათი და „რეალური კითხვა“ იქნებოდა დატანილი.
მისი თქმით, რუტინაა რომ პრესკონფერენციის წინ, პრეზიდენტმა და მისი დეარტამენტების დირექტორებმა პოტენციური კითხვები განიხილონ, მაგრამ ის, რაც ოთხშაბათს მოხდა, უპრეცედენტო ჩანდა.
კიდევ ერთი კორესპონდენტი, რომელიც უცხოური აუდიტორიისთვის მუშაობს და ანონიმურად დარჩენა არჩია, „ამერიკის ხმას“ ეუბნება: „ეს კითხვებს აჩენს არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენთან დაკავშირებით, არამედ იმის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუ როგორც ირჩევს თეთრის სახლი, ვის შეუძლია დასვას კითხვა. ეს იმედგამაცრუებელია ჟუნრალისტებისთვის, რომლებიც მათ ახლო წრეში არიან.“
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ასოციაციამ განმარტა, რომ მას არ აქვს არანაირი შეხება იმასთან, თუ ვის მისცემს პრეზიდენტები კითხვის დასასმელად სიტყვას, პრესკონფერენციაზე.
წარსული გამოცდილება
პრეზიდენტ რეიგანისა და ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციებს, პრეზიდენტებს ჰქონდათ ჟუნრალისტების განლაგების სქემა, რათა სცოდნოდათ, სად ეპოვნათ სიმპათიით განწყობილი კითხვის დამსმელი - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჩარლზ ბიერბაუერი, რომელიც 1983-93 წლებში, „სი-ენ-ენ“-ის თეთრი სახლის უფროსი კორესპონდენტი იყო.
„სი-ბი-ეს“ რადიოს თეთრი სახლის ყოფილი კორესპონდენტი, მარკ ნოლერი, რომელიც ამ პოზიციზე რვა პრეზიდენტის ადმინისტრაციების განმავლობაში მუშაობდა - ჯერალდ ფორდიდან, დონალდ ტრამპის ჩათვლით, ამბობს, რომ არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც თეთრი სახლი აცნობებს რეპორტიორს, რომ პრესკონფრენციაზე კითხვის დასასმელად სიტყვას მისცემენ.
„როგორც რეპორტიორი, მე ყოველთვის ვამზადებდი კითხვებს უამრავ თემაზე. უფრო ხშირად, თეთრმა სახლმა იცის, რა თემებით არის რეპორტიორი დაინტერესებული, ბრიფინგებზე და პრესსამსახურში ადრე გაკეთებულ მიმართვებზე დაყრდნობით", - ამბობს ის. "არ მჯერა, რომ გამოცდილმა რეპორტიორმა სიტყვა სიტყვით შეიძლება მისცეს წინასწარ შეკითხვა [თეთრ სახლს]“ - დასძინა მან.