ამერიკამ უკრაინისთვის F-16 ავიაგამანადგურებლების გადაცემა დაამტკიცა

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავები დაუმტკიცოს, რათა კიევმა რუსი დამპყრობლებისგან თავის დაცვა შეძლოს. მათი გაგზავნა დანიიდან და ნიდერლანდებიდან მას შემდეგ მოხდება, რაც პილოტთა სათანადო წვრთნა დასრულდება.

განცხადება ამის თაობაზე ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს გააკეთა. ვაშინგტონმა დანიას და ნიდერლანდებს ასევე პირობა მისცა, რომ თვითმფრინავების გადაცემის დამტკიცება დაჩქარებულ ვადებში მოხდება.

ასევე ნახეთ: კირბი: უკრაინა F-16-ებს სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებს

„მივესალმებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, გზა გაუხსნას უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას“, - თქვა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ სოციალურ ქსელ "ექსზე", რომელიც წარსულში "ტვიტერის" სახელით იყო ცნობილი. „ახლა ჩვენ ამ საკითხს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან განვიხილავთ" - აღნიშნავს მინისტრი.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს დანიამაც დაადასტურა. "მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ დახმარება არის მომდევნო ბუნებრივი ნაბიჯი [პილოტთა] წვრთნების შემდეგ. ჩვენ ამას ახლო მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ მალე უფრო კონკრეტულად ვიტყვით ამის შესახებ", - განაცხადა ჟურნალისტებთან 18 აგვისტოს დანიის თავდაცვის მინისტრმა იაკობ ელემან-იენსენმა. მისივე განცხადებით, უკრაინელ პილოტთა გაწვრთნა F-16 ავიაგამანადგურებლების სამართავად, ამ თვის განმავლობაში, დანიაში დაიწყება.

წვრთნას სათავეში 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უდგას. ამ საერთაშორისო ძალისხმევას ნატოს წევრები დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ. პროგრამის მიზანია მოამზადონ მფრინავები, ასევე დამხმარე პერსონალი, რათა შესაძლებელი გახდეს თვითმფრინავების წარმატებით გამოყენება რუსეთთან ომში.