უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ კონტრიერიში წარმატებით მიდის წინ და ისინი ფრონტის ხაზზე წარმატებას აღწევენ. პირველად 18-თვიანი ომის განმავლობაში, მოსკოვმა 5 სექტემბერს აღიარა, რომ უკრაინის სამხრეთ სექტორში "დაძაბული" ვითარებაა, მაგრამ რუსეთი კიევის წარმატებებს უარყოფს.
კონტრშეტევა უკრაინამ ივნისშიწამოიწყო, მაგრამ მოსკოვის მიერ გამაგრებული ხაზების გარღვევა და დანაღმულ ტერიტორიაზე დაწინაურება ჯერჯერობით კვლავ რთულია.
მცირე წარმატებები, რომელთა შესახებაც უკრაინა ბოლო დროს იუწყება, ძირითადად პატარა სოფლებს და მომცრო ტერიტორიებს ეხება. კიევმა დაიბრუნა რამდენიმე სოფელი სამხრეთის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ. უკრაინა აცხადებს, რომ თანდათან განამტკიცებს პოზიციებს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტთან, რომელიც რუსეთმა მაისში რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ დაიპყრო.
ასევე ნახეთ: უკრაინა: 16 ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კოსტიატინივკაში„ჩვენ ვახორციელებთ შეტევას ბახმუტის სექტორში და ჩვენი მცველები მეტრობით თავდაჯერებულად მიიწევენ წინ, კერძოდ - კლიშჩივკაში“, - განუცხადა უკრაინის ეროვნულ ტელევიზიას აღმოსავლეთში უკრაინის ჯარების პრესსპიკერმა ილია ევლაშმა. ის გულისხმობდა სოფელს, რომელიც მდებარეობს ბახმუტის სამხრეთით მდებარე მაღლობზე და რომელსაც ქალაქზე კონტროლის აღდგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ევლაშმა ასევე თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა გაუძლეს შეტევას ჩრდილოეთით, ქალაქ ლიმანთან ახლოს. ლიმანი უკრაინამ გასულ წელს დაიბრუნა. რუსულმა ძალებმა "კარგი დარტყმა" მიიღეს სოფელ ნოვოეჰორივკას მახლობლად, სადაც მათი წინსვლა შეჩერდა, თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უარყო, რომ მოსკოვის მცდელობა წარუმატებელი იყო. თუმცა, მან აღიარა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპორიჟიის რეგიონში რთული ბრძოლები მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიას მოსკოვი აკონტროლებს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერცერთ ფრონტზე ვერ მიაღწიეს მიზნებს“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შოიგუს ციტირებს. „დაძაბულ სიტუაციას იწვევს ის, რომ ზაპორიჟიის ფრონტზე მტერმა სტრატეგიული რეზერვებიდან ბრიგადები ჩართო, რომელთა პერსონალი გაწვრთნილია დასავლელი ინსტრუქტორების მიერ" - განაცხადა მან.