რუმინული მედიის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნაწილები ჩამოცვივდა. ამას მედია რუმინეთის თავდაცვის მინისტრ ანგელ ტილვარზე დაყრდნობით იტყობინება.
ღამით რუსეთი მდინარე დუნაის გასწვრივ, რუმინეთის საზღვართან, უკრაინულ პორტებს ესხმოდა თავს. თუმცა ბუქარესტმა უარყო, რომ მისი ტერიტორია თავდასხმის სამიზნე იყო.
"მე ვადასტურებ, რომ ის, რაც ნაპოვნია, შეიძლება დრონის ნაწილები იყოს", - ამბობს მინისტრი ვებ-გვერდ "HotNews"-ის ცნობით. მისივე განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.
თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ისევე როგორც პრეზიდენტმა უარყვეს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა და თქვეს, რომ რუსეთის თავდასხმები ქვეყანას პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის.
მოსკოვი უკრაინაში გასული წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხშირად იყენებს შორი რადიუსის საჰაერო იერიშებს უკრაინაში სამიზნეებზე. ივლისში რუსეთმა დატოვა შეთანხმება, რომელიც შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო გადააადგილებას უზრუნველყოფა. ის გამუდმებით უტევს იმ პორტებს, რომლებიც მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარეობს.