ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ სამშაბათს განაცხადა, რომ შაბათ-კვირას მომხდარი უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, რუსეთის ერთ-ერთ აეროდრომზე, დიდი ალბათობით განადგურდა TU-22M3 ზებგერითი, შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენი. თავდასხმაში რუსეთი ბრალს უკრაინას სდებს.
კიევმა ორშაბათს განაცხადა, რომ თავს დაესხა რუსეთის სხვა სამხედრო აეროდრომს. პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთმა TU-22M3 უკრაინის მასშტაბით სხვადასხვა სამიზნეების დასაბომბად გამოიყენა. დასავლელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთს დაახლოებით 60 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ სამხედრო აეროდრომს ნოვგოროდის რეგიონში, სადაც ზებგერითი ბომბდამშენებია განლაგებული, უკრაინული დრონით თავს დაესხნენ და ერთი თვითმფრინავი დაზიანდა. მას შემდეგ, რუსულ მხარეს დამატებითი ინფორმაცია მომხდარზე არ გაუვრცელებია.
სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო გადაემოწმებინა ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თუმცა, თუ აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლეა, მაშინ მომხდარი ხაზს გაუსვამს მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების სისუტეს დრონების წინაშე.
დაუყოვნებელი კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინას, რომელიც იშვიათად იღებს საჯარო პასუხისმგებლობას რუსეთის შიგნით, ან მოსკოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე. თუმცა უკრაინაში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ რუსეთის სამხედრო აქტივების დეგრადაციისთვის.
რუსეთს, რომელმაც ბრიტანეთი მტრულ ქვეყნად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გამო, კომენტარი არ გაუკეთებია ბრიტანეთის მიერ მიყენებული სამხედრო ზარალის შეფასებაზე.