ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში პრორუსი აქტივისტების სახლი გაჩხრიკეს


გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ორი პროკრემლისტური აქტივისტის სახლი გაჩხრიკეს. გერმანელი სამართალდამცავების განცხადებით, ისინი ომის იარაღის წარმოებისა და გადაცემის შესახებ კანონის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.

აქტივისტებმა, მაქს შლუნდმა და მისმა პარტნიორმა, ელენა კოლბასნიკოვმა, უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერის გასაპროტესტებლად, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შლუნდმა და კოლბასნიკოვამ, გერმანიაში რუსეთის მხარდამჭერთა ჯგუფში შეგროვებული თანხით, უკრაინაში მებრძოლი რუსული დივიზიისთვის რადიოგადამცემები, ყურსასმენები და ტელეფონები შეიძინეს.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გერმანელმა პროკურორებმა წყვილის სახლი მარტში გაჩხრიკეს.

კიოლნის პროკურატურის წარმომადგენელმა, ულფ ვილუნმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ჩხრეკა ომის იარაღის კონტროლის აქტის დარღვევის ეჭვების გამო განხორციელდა. მაგრამ, პროკურორმა უარყო, რომ ეს ეჭვმიტანილების მიერ, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მებრძოლი რუსული ძალების დახმარებასთანაა დაკავშირებული. ვილუნმა გამოძიების შესახებ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გერმანიის ომის იარაღის კანონი არეგულირებს იარაღის წარმოებას, გაყიდვას და გადაცემას.

კოლბასნიკოვასა და შლუნდის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ორშაბათს „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ პოლიცია წყვილის ბინაში „შეიჭრა“ და ჩხრეკისას შლუნდი დაიჭრა.

„როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, კომენტარისთვის წყვილთან დაკავშირება ვერ შეძლო, კოლბასნიკოვამ ადრე თქვა, რომ გერმანიის ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმების მიზნით „უკანონობას სჩადის“.

მარკუს ბეისეხტმა, წყვილის მიერ ჩატარებული აქციების მონაწილემ, რომელიც ახლა მათი ადვოკატია, „როიტერს“ უთხრა, რომ ჩხრეკის შედეგად სახლი დაზიანდა, შლუნდს კი მცირე სისხლჩაქცევები და ჭრილობების აღენიშნება.

XS
SM
MD
LG