საქართველოს და უკრაინის პირველი დიპლომატების შეხვედრა

პრაღაში უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრების ფარგლებში შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მხარდაჭერა გამოუცხადა და „იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში [უკრაინაში] მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს“.

ასევე ნახეთ: ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცროს

ინფორმაციას ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს დმიტრო კულებაც. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ შეხვედრაზე „მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“ იყო განხილული.

როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მინისტრი მიესალმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.

ჩეხეთში ყოფნის დროს ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგა, ნიკუ პოპესკუსაც შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის საგარეო სამეთა მინისტრების არაფორმალურ მინისტერიალზე მიწვევა, მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.