სუდანში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. მხარეების მეთაურებმა ორშაბათს, 17 აპრილს, ცეცხლის 24-საათიან შეწყვეტაზე მოილაპარაკეს. შეთანხმება მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე მხარეს ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა.
ასევე ნახეთ: სუდანში სამხედრო ლიდერებს შორის დაპირისპირებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლაშეთანხმება ძალაში სამშაბათს, საღამოს 6 საათზე შედის. გენერალ შამს ელ დინ ქაბაშის განცხადებით, რომელიც სუდანის მმართველ პარტიას და მის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, ცეცხლი მხოლოდ ერთი დღე-ღამით შეწყდება და ამაზე მეტი ხნით აღარ გახანგრძლივდება.
სუდანში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებები შაბათს, 15 აპრილს დაიწყო და უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. ცეცხლი შეერთებული შტატების დიპლომატთა კოლონასაც გაუხსნეს.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ ცოტა, 185 ადამიანი. დაპირისპირებამ ძირი გამოუთხარა საერთაშორისოდ მიღებულ გეგმას, რომლის მიხედვითაც სუდანში ათწლეულობის ავტოკრატიული მმართველობა და სამხედრო კონტროლი, სამოქალაქო ხელისუფლებით უნდა ჩანაცვლებულიყო.
შეტაკებები არამარტო დედაქალაქ ხართუმში, არამედ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს. წითელი ჯვრის და წითელი ნახევართმვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ზოგ ადგილზე, მათ შორის ხართუმში თითქმის შეუძლებელია. მათი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა.