გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, სუდანის გარდამავალი მთავრობის სამხედრო დამხობის შესახებ დღეს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.
მანამდე, დედაქალაქ ხარტუმის ქუჩებში დემონსტრაციები გრძელდება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი დამოუკიდებელი საბჭოს სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრებას აპროტესტებენ.
სამხედრო მეთაურმა, გენერალმა აბდელ-ფატაჰ ბურჰანმა, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. სამხედრო მეთაურმა დასრულებულად გამოაცხადა სამოქალაქო-სამხედრო გაერთიანებული საბჭოს მმართველობა, რომელიც ქვეყანას 2019 წლიდან მართავდა.
სატელევიზიო მიმართვაში, სამხედრო მეთაურმა განაცხდა, რომ მან დაითხოვა მთავრობა და საბჭო, „პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.“ გენერალი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა მალე დაინიშნება.
ბურჰანი პირობას დებს, რომ სამხედრო ხელისუფლება, სამოქალაქო ხელისუფლებას მმართველობას 2023 წლის ივლისში გადააბარებს, მას შემდეგ რაც არჩევნები გაიმართება.
სუდანში ამერიკის საელჩო, შეერთებული შტატების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხო თავშესაფრები იპოვნონ.
ორშაბათს მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, აფრიკული გაერთიანება და არაბთა ლიგა. ისინი მოუწოდებენ ქვეყანას, დარჩეს სამოქალაქო მმართველობის გზაზე.
Facebook Forum