ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეთიოპიის ტიგრეის რეგიონში ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დაგმო, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები “უნდა დასრულდეს”.
“ძალადობის გამწვავებით და ეთიოპიის ბევრ ნაწილში რეგიონული და ეთნიკური დაყოფით ღრმად შეშფოთებული ვარ. ტიგრეიში ადამიანის უფლებების ფართო მასშტაბის დარღვევები ხდება, მათ შორის, ფართოდ გავრცელებული სექსუალური ძალადობა, ეს მიუღებელია და უნდა დასრულდეს", - თქვა ბაიდენმა.
ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა გასული წლის ნოემბერში ტიგრეიში თავდაპირველად ჯარი მას შემდეგ გაგზავნა, რაც ერთ დროს დომინანტურ რეგიონულ მმართველ პარტიას, ტიგრეის ხალხის გათავისუფლების ფრონტს, ბრალად ფედერალური ჯარის ბანაკებზე თავდასხმების ორგანიზება დასდო.
იმავე თვის ბოლოს, როდესაც ჯარი რეგიონულ დედაქალაქ მეკელეში შევიდა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა აბი აჰმედმა გამარჯვება გამოაცხადა, მაგრამ ბრძოლები გრძელდება.
ნახევარი წლის განმავლობაში კონფლიქტმა ეთიოპიის ძალების მიმართ, რომლებიც მეზობელი ერითრეის ჯარებთან ერთად მოქმედებენ, მასობრივი მკვლელობების და გაუპატიურების ბრალდებები წარმოშვა. ეთიოპიის და ერითრეის მთავრობები ტიგრეის რეგიონში ერითრეის ჯარის ყოფნის ფაქტს უარყოფენ, მიუხედავად იმისა რომ ათობით თვითმხილველი და ტიგრეის რეგიონის ფედერალურად დანიშნული ადმინისტრაციის აღიარება არსებობს.
ბაიდენმა ქვეყნის ლიდერებს და ინსტიტუტებს დაჟინებით მოუწოდა “წაახალისონ შერიგება, ადამიანის უფლებების დაცვა და პლურალიზმის პატივისცემა”.
“შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს ეთიოპიას ამ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს”. მან მიანიშნა, რომ შესაძლოა აშშ-ს საგანგებო დესპანი აფრიკის რქის ქვეყნებში [ჯიბუტი, სომალი, სუდანი, ეთიოპია] ჯეფრი ფელთმენი, მომავალ კვირაში რეგიონში დაბრუნდეს.
გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი რეგიონში მასობრივი შიმშილობის საფრთხეებზე საუბრობენ.