პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადისლავ სიკორსკი, შეერთებულ შტატებს სტუმრობს, სადაც ის ამერიკელ პარტნიორებთან საუბრობს უკრაინისთვის დახმარების სწრაფი მიწოდების აუცილებლობაზე.
ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ორგანიზაცია, “ატლანტიკურ საბჭოში” გამოსვლისას, სიკორსკიმ ისაუბრა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მოკავშირეებმა უნდა გადადგან კიევის დასახმარებლად. მისი თქმით, მიუხედავად ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის კრიტიკისა, ევროკავშირი ბევრს აკეთებს კიევის მხარდასაჭერად.
“ამ კუთხით, ამერიკის ლიდერობის მიუხედავად, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უფრო მეტი დახმარების გაცემაზე მუშაობენ. მინდა ეს აღვნიშნო. ჩვენ ფინანსურად [ამერიკაზე] მეტი, 92 მილიარდი დოლარი გავიღეთ. აქედან 33 მილიარდი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე წავიდა. 18,5 მილიარდი დევნილების დახმარებაზე. 10 მილიარდი გრანტებში, სესხებსა და გარანტიებში. ხოლო 30 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე. ამ თვეში ევროკავშირმა დამატებით 50 მილიარდის დახმარების პაკეტი მიიღო”, - თქვა მან.
ასევე ნახეთ: ევროპელი პირველი დიპლომატები: უკრაინაში ომი ამ თაობის პოლიტიკოსთა უმთავრესი გამოწვევაასიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება დასავლეთის ქვეყნებისთვის, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
“[ვლადიმირ] პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი, “არსად სრულდება”. თუ მის წინაშე დავმარცხდებით, ეს გამოიწვევს მეტ ომს, მეტ ქაოსს, მეტ არეულობას სხვაგან. ამერიკელებს, ყველაზე მეტად, ეს ესმით. გასულ ოქტომბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ამერიკელი ამომრჩევლის 80 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთი ამერიკული ინტერესებისთვის საფრთხეა”, - თქვა მან. “ამერიკელები, როგორც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს”, - დასძინა სიკორსკიმ.
ასევე ნახეთ: ორპარტიული ძალისხმევა უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდასაჭერადდიპლომატის კომენტარები უკავშირდებოდა შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე დებატებს, უკრაინისთვის დახმარების 60 მილიარდის ოდენობის პაკეტის დამტკიცებაზე. მის მიღებას წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ნაწილი აფერხებს. საკუთარი პარტიის რადიკალურად განწყობილი წევრების ზეწოლის ფონზე, პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ “არ დააჩქარებს” დახმარების მიღებას, თეთრი სახლის, საერთაშორისო მოწოდებების და მისი პარტიის წევრების ნაწილის მოწოდების მიუხედავად.
“სპიკერი ჯონსონი წარსულში უკრაინაზე თბილად საუბრობდა. მან უნდა იცოდეს, რომ მთელი მსოფლიო უყურებს თუ რას იზამს ის. თუ [დახმარების ეს პაკეტი] არ იქნება მიღებული და უკრაინა ბრძოლის ველზე უკან დაიხევს, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება”, - თქვა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა, ნატოს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ მოკავშირეები დღეს ბევრად მეტ თანხებს იღებენ სამხედრო კუთხით, ვიდრე აქამდე. ამ კუთხით, უფრო მეტის გაკეთებისკენ ევროპელ მოკავშირეებს, შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციები ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდნენ.
ასევე ნახეთ: პოლონელმა ფერმერებმა გერმანიის საზღვრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს“ჩვენ თქვენ მოგისმინეთ და ეს ახლა ხდება. ბოლო წლებში, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაზარდა მისი თავდაცვის ბიუჯეტი. ჩემმა ქვეყანამ გააორმაგა სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე”, - თქვა მან. პოლონელი დიპლომატი გამოსვლისას ეცადა ამერიკელი კოლეგების იმაში დარწმუნებას, რომ გაღებული დახმარება, ამერიკას სტრატეგიული და ეკონომიკური კუთხით სარგებელს მოუტანს. “სად ვხარჯავთ ფულს? 2018-2022 წლებში, ჩვენი [სამხედრო] დანახარჯების 56% ამერიკიდან შეიარაღების შესყიდვებზე მოდიოდა”, - თქვა მან.
“უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა 90 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი შესყიდვები განახორციელა შეერთებული შტატებიდან… ეს გულისხმობს ფულის წყაროს ამერიკელი ხალხისთვის, ამერიკის საშუალო კლასისთვის”, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ: შავ ზღვაზე ახალი დერეფნის საშუალებით უკრაინამ 4 მლნ ტონა მარცვლეული ექსპორტზე გაიტანაიმ ფონზე, როცა პოლონელი ფერმერები განაგრძობენ ევროკავშირის იმ რეგულაციების გაპროტესტებას, რომელთა თანახმადაც უკრაინა სარგებლობს შეღავათებით ბლოკში მისი საქონლის შეტანაზე, სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ცდილობს გამოსავლის პოვნას.
26 თებერვალს ფერმერებმა, გერმანიასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი ტრასა გადაკეტეს. ფერმერები გასული კვირების განმავლობაში ასევე ბლოკავენ სასაზღვრო პუნქტებს უკრაინასთან, აპროტესტებენ მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან და მოითხოვენ შეღავათების გაუქმებას, რაც მათი თქმით, პოლონელ ფერმერებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
“უკრაინისთვის სტრატეგიული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა გადავჭრათ მარცვლეულის საკითხი. ფერმერების ნაწილი, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, მხარს უჭერს უკრაინას”, - თქვა სიკორსკიმ.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს შავ ზღვაში რუსეთის ქმედებები აფერხებდა, რის შემდეგაც, კიევი მსოფლიო ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ნედლეულის გატანას პოლონეთის გავლით ცდილობდა. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება გასული წლის ივლისში დატოვა, კიევი ახერხებს შავ ზღვაში მარცვლეულის გატანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი პოლონეთს დაბლოკილ 137 მილიარდზე წვდომას აღუდგენსახალი ამბების სააგენტო "როიტერთან" საუბარში, უკრაინის ოფიციალური პირები წარმატებას რუსული სამხედრო გემების წინააღმდეგ დრონების ეფექტურ გამოყენებას და დუნაის დელტას მახლობლად მდებარე კუნძულის აღებას უკავშირებენ. ეს კიევს აძლევს საშუალებას შექმნას მარშრუტი, რომელიც ოდესის პორტს, რუმინეთისა და ბულგარეთის წყლებს უკავშირებს და მარცვლეულის გატანის საშუალებას იძლევა. თუმცა, უკრაინის ექსპორტის უსაფრთხოება კვლავ მყიფეა, რადგან რუსეთი პერიოდულად ურტყამს უკრაინის პორტებს, ხოლო შავი ზღვა ნაღმებითაა სავსე. კიევი კვლავ იყენებს სახმელეთო მარშრუტს, მისი ნედლეულის ნაწილის ექსპორტისთვის.
“უკრაინული მარცვლეულის 2/3, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა პოლონეთში დარჩა. ეს იყო მაშინ, როცა უკრაინა ვერ ახერხებდა მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით. ახლა მათ ეს შეუძლიათ. ჩემი აზრია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ვაჭრობის ომამდელ პირობებს და შემდეგ უკვე დავიწყოთ საუბარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და [გაერთიანების] ერთიან ბაზარში მის წევრობაზე”, - თქვა სიკორსკიმ.
ასევე ნახეთ: პოლონელი ფერმერების პროტესტის ესკალაცია - გზებზე გაბნეული უკრაინული მარცვლეული“პოლონელმა ფერმერებმა არ უნდა აიღონ ევროპული სოლიდარობის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე. ეს არაა სამართლიანი. ეს საკითხი უნდა გადავჭრათ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგ სურათს არ ქმნის, მაგრამ ჩვენ ორივე უნდა შევძლოთ: დავეხმაროთ უკრაინას და პოლონელი ფერმერებიც გადავარჩინოთ”, - განმარტა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.
სიკორსკიმ თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც პოლონეთში ოქტომბერში მისმა კოალიციამ, დონალდ ტუსკის მეთაურობით, არჩევნებში “კანონის და სამართლიანობის პარტია” დაამარცხა, რომელიც ქვეყანას 2015 წლიდან მართავდა და ხშირად იყო კრიტიკის სამიზნე ბრიუსელიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ბრალდებით.