ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუსკი საფრანგეთსა და გერმანიაში შეხვედრებს მართავს


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, პარიზსა და ბერლინში ვიზიტისას პირობა დადო, რომ მთავარ ევროპელ პარტნიორებთან, ვარშავის ურთიერთობებს „გააცოცხლებს“. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლოდინი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს და რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესია გაფართოების საშუალება მისცეს.

პარიზსა და ბერლინში ტუსკის შეხვედრებს წინ უსწრებდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტობისას, მან გააფრთხილა ნატოს მოკავშირეები, რომ „წაახალისებდა“ რუსეთს, „გააკეთოს ის, რაც მათ სურთ“, იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ალიანსის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, თავდაცვისთვის შესაბამის ფინანსებს არ ხარჯავენ. „არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მე მათ [რუსეთს] წავახალისებდი, ის გააკეთონ, რაც სურთ. უნდა გადაიხადოთ, გადასახადები უნდა გადაიხადოთ“, - თქვა ტრამპმა შაბათს, სამხრეთ კაროლინაში.

2014 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ შეეწყვიტათ დანახარჯების შემცირება, რაც მათ ცივი ომის შემდეგ გააკეთეს და 2024 წლისთვის, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაეხარჯათ.

ელისეის სასახლეში პრეზიდენტ მაკრონთან საქმიან სადილზე შეხვედრისას, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავს „პოლონეთის ურთიერთობების გამოცოცხლებას, ყველაზე მნიშვნელოვან ევროპელ პარტნიორებთან. „არ აქვს ალტერნატივა ევროკავშირს, არ აქვს ალტერნატივა ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას, არ აქვს ალტერნატივა ნატოს“, - თქვა ტუსკმა.

„ევროპა უნდა გახდეს უსაფრთხო კონტინენტი და ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, საფრანგეთი და პოლონეთი უნდა გახდნენ ქვეყნები, რომლებიც მზად არიან დაიცვან საკუთარი საზღვრები, საკუთარი ტერიტორია და დაიცვან და მხარი დაუჭირონ ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ევროკავშირის გარეთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

პარიზის შემდეგ, ტუსკი ოფიციალურ ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება და კალნცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

XS
SM
MD
LG