პოლონელი ფერმერები განაგრძობენ ევროკავშირის იმ რეგულაციების გაპროტესტებას, რომელთა თანახმადაც ბლოკში შედარებით იაფი უკრაინული სურსათის იმპორტი ხდება. 26 თებერვალს მათ გერმანიასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი A2 ტრასა გადაკეტეს.
ევროპელი ფერმერები უკვე კვირებია აპროტესტებენ იმ შეზღუდვებს, რომლებიც მათ ევროკავშირისგან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად ეკისრებათ, ასევე მზარდ ფასებს და იმას, რასაც უკრაინასთან არათანაბარ პირობებში ყოფნას უწოდებენ.
პოლონელი ფერმერები გერმანიასთან გამშვები პუნქტის გადაკეტვასაც ააპირებდნენ. ფერმერთა კავშირის წარმომადგენელი ამბობდა, რომ თავის მხრივ გერმანელი დემონსტრანტებიც აპროსტესტებენ იგივე პრობლემებს და საზღვარზე გადაადგილება ორივე მხრიდან შეზღუდულია. "ეს საერთო სოლიდარობის ჩვენებაა, პოლონელი და გერმანელი ფერმერები არ დაუშვებენ უკრაინიდან ამ საქონლის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას", - განაცხადეს მათ.
ფერმერთა სავაჭრო გაერთიანება პოლონეთის დედაქალაქში სამშაბათს დიდი აქციის მოწყობას გეგმავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამბობენ, რომ ფერმერთა პრობლემა ევროკავშირის დონეზე უნდა გადაწყდეს.
"პოლონეთი პირველი ქვეყანაა ევროკავშირიდან, [უკრაინიდან მომავალ გზაზე], მაგრამ სინამდვილეში ეს ევროკავშირის და მისი სოფლის მეურნეობის ერთობლივი პრობლემაა. ეს საკითხი სწორედ ამ კონტექსტში უნდა გადაწყდეს. ევროკავშირი მტკიცედ უნდა იდგეს და ეს საკითხი ევროპულ დონეზე გადაწყვიტოს, მათ შორის პოლონელი ფერმერების დახმარებაც", - თქვა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლექსანდ კუბრაკოვი ამბობს, რომ პოლონურმა მხარეს უნდა დასაჯოს ის მოქალაქეები, რომლებმაც გასულ უქმეებზე უკრაინული ტრაილერებიდან მარცვლეული გადმოყარეს. პოლონური რადიო იუწყება, რომ პოლიცია ინციდენტს იძიებს.