რუსული რუბლი ორშაბათს, წინა პერიოდთან შედარებით, დოლართან მიმართებით გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარი დაახლოებით 74 რუსული რუბლია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ამ კვირაში კომპანიების წლიური საგადასახადო დეკლარაციებისა და გადახდების მოახლოებული თარიღია.
ორშაბათ დილით, რუბლი დოლარის წინააღმდეგ 2.2 %-ით გამყარდა და 73.80 რუბლი შეადგინა, რაც თითქმის იგივე სავალუტო კურსია, რაც 24 თებერვლამდე იყო - მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში ათასობით სამხედროს გაგზავნიდა და ომს დაიწყებდა. რაც შეეხება ევროს, ევროს წინააღმდეგ რუბლი 2.6 %-ით გამყარდა.
ანალიტიკოსების აზრით, ახლა რუსულ რუბლს კომპანიების მიერ ამ კვირაში გადასახდელი დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი ამყარებს. გადახდების შესასრულებლად, ექსპორტზე ორიენტირებულ ზოგიერთ კომპანიას უცხოური ვალუტის გაყიდვა სჭირდება.
სავაჭრო აქტივობა ომამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ დაბალია. რუბლში შესრულებული გადარიცხვებიც ხელოვნურადაა ლიმიტირებული კაპიტალის კონტროლის მექანიზმებით, რომლებიც ცენტრალურმა ბანკმა დააწესა. ბანკმა რუბლის გამყარების შესაძლებლობა დაკარგა მას შემდეგ, რაც დასავლური სანქციების შედეგად ქვეყნის რეზერვების თითქმის ნახევარი გაიყინა.