გასულ კვირას რუსეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება. „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმას ოფიციალური ინფორმაციით, 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 180-ზე მეტი დაშავდა, 90-მდე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას გადის.
კრასნოგორსკის საკონცერტო დაბრაზზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლებში რუსეთში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია. კრემლი ამბობს, რომ დამნაშავეების „დანდობა არ მოხდება“.
ამ დროისთვის დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებული ოთხი მამაკაცი, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი რუსეთში კვირას გაიმართა, სხდომაზე ბრალდებულებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ასევე ნახეთ: დრონებით იერიშების გამო რუსეთში ნავთობის გადამუშავება შემცირდაკრემლში ამბობენ, რომ დამნაშავე პირები უმკაცრესა დაისჯებიან. რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ამბობს, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დებს პირობას, რომ დამნაშავეებს "არ დაინდობენ".
გაცილებით უფრო კრიტიკულია დმიტრი მედვედევი. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ დამნაშავე პირები სიკვდილით უნდა დასაჯონ. „ყველა მათგანი მოვკლათ“, მოუწოდებს მედვედევი პუტინის მთავრობას.
„ისინი დაკავებულნი არიან. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. უნდა მოვკლათ ისინი? - რა თქმა უნდა და ასეც იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მოვკლათ ყველა ვინც ამაში [ტერორისტულ თავდასხმაში] იყო ჩართული, ისინი ვინც ამაში ფული გადაიხადეს, ისინიც ვინც ეს ყველაფერი წაახალისა. ყველა უნდა მოვკლათ“, - წერს მედვედევი.
მედვედევისგან განსხვავებული მიდგომა აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუს პროპაგანდისტად მოხსენიებულ მარგარიტა სიმონიანს. მან ოთხივე ბრალდებულის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში, ყოფილ „ტვიტერში“ გაავრცელა და დაწერა, რომ სიკვდილით დასჯა, რომელიც რუსეთში გაუქმებულია „ზედმეტად მსუბუქი“ სასჯელი იქნებოდა მათთვის.
სიმონიანი ფიქრობს, რომ ბრალდებულები მძიმე შრომითი საქმიანობით „მიწისქვეშეთში“ უნდა დასაქმდნენ, სადაც მათ „მზის სხივიც“ კი არ მიწვდებათ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ოთხივე პირი ტაჯიკეთის მოქალაქეა და ისინი დანაშაულს აღიარებენ. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს აღიარებითი ჩვენებები იძულების გზით იყოს მირებული. ვარაუდის საფუძველს იძლევა კადრები რომლებიც სასამართლო დარბაზშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული.
ასევე ნახეთ: არანაირი ნიშანი არ არის, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინა მონაწილეობდა - აშშდაკავებულთა შორის არიან 19 წლის მუჰამედობირ ფაიზოვი, 32 წლის დალერჯონ მირზოევი, 30 წლის საიდაკრამ რაჭაბალიზოდა და 25 წლის შამსიდინი ფარიდუნი. რუსულ სოციალურ მედიაშივრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდებიან დაკავებულებს, თუმცა კადრების ავთენტურობა დასავლური მედიაორგანიზაციების მხრიდან ამ დრომდე ვერ დასტურდება.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით დაკავებულია კიდევ 7 პირი, თუმცა მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის. კრემლი დაკავებულთა მიმართ მოპყრობაზე კომენტარს არ აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, კრემლი ამ დრომდე უწყვეტად მიანიშნებს კიევის მიზნებსა და ზრახვებზე, თუმცა ვაშინგტონში მკაფიოდ და ცალსახად ამბობენ, რომ თავდასხმის უკან უკრიანა არ დგას.
ამერიკული დაზვერვა ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დგანან. ის, რომ რუსეთში ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა, ამის შესახებ ვაშინგტონი მოსკოვს ადრეც აფრთხილებდა, თუმცა რუსეთში თავდასხმის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ყველა უნდა დაელოდოს რუსეთში მიმდინარე გამოძიების დარსულებას.