ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბრძოლო მოქმედებები და ბიუროკრატიული დაბრკოლებები ღაზელებისთვის დახმარების მიწოდებას აფერხებს


გაეროს ოფიციალურმა პირებმა ისრაელს ბრალი დასდეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას აფერხებს. საერთაშორისო საზოგადოება, შეერთებული შტატების ლიდერობით, ისრაელზე ზეწოლას ახდენდა, რათა ღაზაში მეტი დახმარების შეტანისთვის ხელი შეეწყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელი შიმშილობას „ომის იარაღად“ იყენებს და დახმარების სააგენტოების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის ბიუროკრატიული დაბრკოლებები, სურსათით დატვირთული სატვირთო მანქანების ღაზაში შესვლას ანელებს.

სააგენტო „როიტერმა“ დახმარების დაყოვნების მიზეზების გასარკვევად ათობით ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, ისრაელელი სამხედროები და სატვირთო მანქანების მძღოლები. ასევე გამოიკვლია დახმარების ტვირთებზე გაეროს და ისრაელის სამხედრო უწყების სტატისტიკური მონაცემები.

პროცესში ჩართულმა გაეროს ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ტვირთის ღაზაში შესვლამდე, ის ისრაელის მხრიდან შემოწმებების წყებას გადის და პროცესის ერთ ეტაპზე მიღებული თანხმობა შეიძლება შემდეგ გაუქმდეს. ისრაელიდან ღაზაში ერთ გამშვებ პუნქტზე, ტვირთს მანქანებიდან ორჯერ ცლიან და შემდეგ ღაზის საწყობებში გადასატანად სხვა მანქანებზე ტვირთავენ.

ღაზაში შეტანილი დახმარება შეიძლება ადგილობრივმა სამოქალაქო მოსახლეობამ გაძარცვოს, ხანდან შეიარაღებული ბანდების ნადავლი გახდეს, ან ისრაელის არმიის საკონტროლო პუნქტებზე გაჩერდეს. ბრძოლების დროს დარტყმების გამო, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საწყობების ნახევარი აღარ მუშაობს.

გაეროს მონაცემებით, ომამდე ღაზაში დახმარების ტვირთით დღეში საშუალოდ 200 სატვირთო მანქანა შედიოდა. კიდევ 300 სატვირთო მანქანით ისრაელიდან კომერციული იმპორტი, მათ შორის სურსათი, სასოფლო-სამეურნეო მარაგები და ინდუსტრიული მასალები შეჰქონდათ. გაეროს და ისრაელის სამხედრო უწყების სტატისტიკური მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზაში დღეში საშუალოდ 100 სატვირთო მანქანა შედის.

გაროს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მინიმალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ღაზას დღეში 500-600 სატვირთო მანქანით შეტანილი დახმარება სჭირდება.

გაეროს ოფიციალურმა პირებმა „როიტერს“ უთხრეს, რომ ომის დაწყებიდან 14 მარტამდე, ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა ისრაელის სამხედრო უწყებას ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების შეტანის შესახებ 158 თხოვნით მიმართეს, 57 თხოვნაზე მათ უარი მიიღეს.

დახმარების გადაცემის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ისრაელის სამხედრო უწყების დანაყოფის (COGAT) პრესმდივანმა ფრიდმანმა განაცხადა, რომ არსებობს ორმაგი დანიშნულების საგნების საჯაროდ გამოქვეყნებული სია, თუმცა ეს არ ნიშნავს მათ სრულ აკრძალვას. თუ ისრაელის ხელისუფლება „გაიგებს ეს კონკრეტულად რისთვისაა, ჩვენ ამის კოორდინირება შეგვიძლია“, მაგრამ ისრაელს სურს დარწმუნებული იყოს, რომ იმ საქონელს „ჰამასი ტერორისტული საქმიანობისთვის არ გამოიყენებს“, თქვა მან.

ფრიდმანმა თქვა, რომ ღაზაში დახმარების შეტანის ზოგიერთ თხოვნაზე უარი ითქვა იმიტომ, რომ დახმარების სააგენტოებმა ისრაელთან საჭირო კოორდინაცია არ მოახდინეს.

„მათ ვერ შეძლეს ეთქვათ თუ დახმარება ზუსტად სად მიდიოდა და თუ არ ვიცით ის საით მიდის, ვერ გვეცოდინება რომ ის „ჰამასის“ ხელში არ აღმოჩნდება", განაცხადა ფრიდმანმა.

XS
SM
MD
LG