რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, რუსეთს საკმარისი შეიარაღება აქვს. მედვედევმა ამის შესახებ, "კალაშნიკოვის" ქარხანაში ვიზიტის დროს ისაუბრა.
ვიდეოკადრები, რომელიც ქარხანაში მის ვიზიტს ასახავს, მედვედევმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" გაავრცელა. გავრცელებულ კადრებში ის ამბობს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის", რუსეთს რაც შეიძლება მეტი უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება.
„ჩვენი ოპონენტები, რომლებიც თვალს ადევნებენ პროცესს, პერიოდულად ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ესა თუ ის [იარაღი].. მე მინდა მათ იმედი გავუცრუო. ყველაფერი საკმარისი გვაქვს“ - ამბობს მედვედევი.
გასული კვირის ბოლოს, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და რუსი სამხედროები ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან მარცხს განიცდიან.
ასევე ნახეთ: „რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინიმედვედევი, რომელიც წარსულში რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, პარალელურად კი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. სწორედ მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ კომისიას ეხება იარაღის წარმოება.
მედვედევი ბოლო თვეებში აქტიურად საუბრობს ბირთვულ იარაღზე და შესაძლო ბირთვულ ომზე. მისი განცხადებები, ანალიტიკოსების შეფასებით, ხშირად მუქარანარევია. გასულ კვირას, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ამან შესაძლოა მსოფლიოში ბირთვული ომი გამოიწვიოს.