მოსკოვი იტყობინება, რომ სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუს სამხედრო ბლოგერთა ნაწილი, ფრონტის ხაზზე გერმანული და ამერიკული ჯავშანტექნიკის გამოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინამ მოსალოდნელი კონტრშეტევა უკვე დაიწყო.
ფრონტის ხაზებიდან დამოუკიდებელი ინფორმაცია ფაქტობრივად არ ვრცელდება. კიევი საკუთარი გეგმების შესახებ კვლავ მკაცრ დუმილს ინარჩუნებს. ამიტომ, შეუძლებელია ინფორმაციის გადამოწმება და იმის დაზუსტება, ჰქონდა თუ არა უკრაინულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება, - შეაღწიეს თუ არა მათ რუსული ფრონტის ხაზებში, საოკუპაციო ძალების განდევნისთვის.
ასევე ნახეთ: ზელენსკი F-16-ების შესახებ საბოლოო შეთანხმებას ელოდებასაბოლოო ჯამში, მოსალოდნელია, რომ კონტრშეტევაში, დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი იქნება ჩართული. კიევი ამ დრომდე აცხადებს, რომ მისი მთავარი კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა.
ომის მომხრე რუსი ბლოგერები, პარასკევს, ზაპორიჟიის ფრონტზე ქალაქ ორიხივის მახლობლად, „სახმელეთო ხიდის“ შუა წერტილის გარშემო, რომელიც რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულს აკავშირებს, ინტენსიური ბრძოლების შესახებ იტყობინებოდნენ. ეს უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ სამიზნედ ითვლება.
ბენ ბარი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ თუ რუსი ბლოგერების ცნობები ორიხივის სამხრეთით გერმანული წარმოების ლეოპარდის ტანკებისა და ამერიკული ბრედლის ჯავშანტექნიკის შესახებ დადასტურდება, ეს იქნება პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლაში დასავლეთის მომზადებული და შეიარაღებული უკრაინული ჯარების ბრიგადები ჩაერთნენ.
ასევე ნახეთ: წყალდიდობის დროს უკრაინაში 5 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლებამთლიანობაში, კიევს ჰყავს 12 ბრიგადა, საერთო ჯამში 50,000-60,000 ჯარისკაცი, რომლებიც კონტრშეტევაში ჩასართავად მზად არის. ცხრა ბრიგადა, დასავლეთის მიერაა შეიარაღებული და გაწვრთნილი.
უკრაინა, როგორც წესი, შეტევითი ოპერაციების დროს ფრონტის ხაზის ჟურნალისტების მიერ გაშუქებას კრძალავს, რაც ხაზს უსვამს მისი გეგმების გასაიდუმლოებას.