ესტონეთის პირველი დიპლომატი მეზობელ რუსეთს GPS სიგნალების ჩახშობაში სდებს ბრალს. კვირის დასაწყისში, ფინეთის ავიაკომპანია "ფინეარმა" განაცხადა, რომ ერთი თვით შეაჩერებს ფრენებს ესტონეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტარტუს მიმართულებით. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ ზონაში GPS სიგნალის შეფერხებებით მიღება გახდა, რაშიც ტალინი მეზობელ რუსეთს ადანაშაულებს.
"ფაქტია, რომ რუსეთი ახშობს GPS-ის ხელსაწყოებს ჩვენი რეგიონის ავიასივრცეში", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ფინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მართალია, მას მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მაგრამ აღნიშნა, რომ "ფინეართან" ერთად, ესტონეთი ტარტუს მახლობლად სიგნალის აღდგენაზე მუშაობს. ცაჰკნას თქმით, ტალინი ამ საკითხის განხილვას ევროკავშირსა და ნატოშიც აპირებს.
ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში, შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში GPS სიგნალის ჩახშობის შემთხვევები გახშირდა. ყველა ეს რეგიონი კონფლიქტის ზონასთან ახლოსაა და ჩახშობაც შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, - აცხადებს კომპანია OpsGroup, რომელიც პრობლემას იკვლევს.
რა არის GPS
GPS იშიფრება როგორც გლობალური ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემა. ის ავიაციაში თანდათან ანაცვლებს რადიოსიგნალებს, რომელთაც აეროპორტები თვითმფრინავის დაშვებისას მათთვის მიმართულების მისაცემად იყენებდნენ.
GPS დედამიწის გარშემო განლაგებული თანამგზავრებისა და მიმღები მოწყობილობების მთელ ქსელს მოიცავს. ის ფართოდ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების პოზიციონირებაში, მათი ნავიგაციისა და შესაბამისად - გადაადგილების უსაფრთხოებაში. GPS-ის საშუალებით დღეს მილიარდობით ტრანსპორტი მოძრაობს, გემებიდან და თვითმფრინავებიდან დაწყებული, ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით დამთავრებული.
სიგნალის ჩახშობა ბრიტანულ რეისზე
რუსეთის მიერ სატელიტური სიგნალის ჩახშობის თაობაზე სააგენტო "როიტერი" გასულ თვეშიც იტყობინებოდა. მაშინ GPS სიგნალი დაიკარგა თვითმფრინავზე, რომელსაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი პოლონეთიდან ბრიტანეთში მიჰყავდა. ეს ინფორმაცია 14 მარტს, მთავრობიდან ერთ-ერთმა წყარომ და იქვე მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
13 მარტს, GPS სიგნალი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყო დაბლოკილი, როცა თვითმფრინავი რუსეთის ბალტიისპირეთის ექსკლავთან, კალინინგრადთან ახლოს მიფრინავდა. ამ ხნის განმავლობაში მობილური ტელეფონები ინტერნეტთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა და თვითმფრინავი იძულებული გახდა ალტერნატიული მეთოდები გამოეყენებინა საკუთარი ადგილმდებარეობის დასადგენად.
პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის პრესსპიკერმა დაადასტურა ინციდენტი, მაგრამ დასძინა, რომ ეს “უჩვეულო არ არის”. პრემიერის ოფისის განცხადების მიხედვით, „პოლონეთიდან უკან დაბრუნებისას თვითმფრინავმა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია იმყოფებოდა, დროებით განიცადა GPS სიგნალის შეფერხება, როდესაც ისინი კალინინგრადის მახლობლად მიფრინავდნენ“.
ლონდონის განმარტებით, “ამას არ შეუქმნია თვითმფრინავის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა და არ არის უჩვეულო, როდესაც თვითმფრინავს აქვს GPS შეფერხება კალინინგრადის მახლობლად, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ტერიტორიაა“.