რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს 20 თებერვალს დაასრულებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვი ამით დასავლეთის შეშფოთებას პასუხობს. დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსული ჯარები ბელარუსში შესაძლოა უფრო ხანგრძლივად დარჩეს.
მოსკოვის მტკიცებით, წვრთნები დაგეგმილ დროში დასრულდება. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“, კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ბელარუსში რუსული ჯარების ყოფნის გახანგრძლივების საკითხი, დღის წესრიგში არ დგას.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე“ბელარუსში მიმდინარე წვრთნები, დასავლეთს კიდევ უფრო უმყარებს აზრს იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვრებზე, 150 000 ზე მეტი ჯარისკაცის განლაგების მიუხედავად, კრემლი აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთხელ შეჭრას არ გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებზე განლაგებული ჯარის ნაწილი, წვრთნების დასრულების შემდეგ, დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებენ, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს და საპირისპიროდ, მოსკოვი კრიზისის ეპიცენტრში დამატებით კონტინგენტს გზავნის.