16-17 თებერვალს, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ. ერთ-ერთი წამყვანი თემა რუსეთ-უკრაინის კრიზისია.
"ჩვენ მოსკოვიდან მოვისმინეთ დიპლომატიური მცდელობების გაგრძელების შესახებ მზაობა. თუმცა, ამ დრომდე არ გვინახავს დეესკალაცია [კონფქლიტის] ადგილზე. პირიქით, რუსეთი განაგრძობს სამხედროების რაოდენობის გაზრდას. ასევე არ მოგვისმენია, ან მიგვიღია რაიმე წერილობითი პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე 26 იანვრის შემდეგ",- ვკითხულობთ ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო მზადაა დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის და კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ამ გზას მიესალმება.
"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძალიან ნათელი მესიჯის გაგზავნას რუსეთისთვის- რომ მზად ვართ დავსხდეთ და განვიხილოთ [საკითხები] მათთან ერთად. თუმცა, ამავდროულად ყველაზე უარესისთვისაც მზად ვართ".
ოთხშაბათს, მინისტერიალის დაწყებამდე, გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარები და განმარტა, რას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ რუსეთის სიგნალები მას "ფრთხილი ოპტიმიზმის" საფუძველს აძლევდა.
"ვფიქრობ მესიჯები და ნიშნები, რომელიც მოსკოვიდან გუშინ მოდიოდა, გვაძლევს გარკვეულ მიზეზს ფრთხილი ოპტიმიზმისა, რადგან ეს იყო მესიჯები დიპლომატიის შესახებ. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური მცდელობებისთვის რუსეთთან ერთად ამ კრიზისის ფარგლებში. ჩვენ ამას ვიმეორებთ და ვიმეორებთ. შეთავაზებები რუსეთს გავუგზავნეთ კიდეც წერილობითი ფორმით და ახლა მათ პასუხს ველოდებით",- უთხრა ტელეკომპანია ბიბისის ჟურნალისტს სტოლტენბერგმა.
ნატოს ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ის და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
"შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან. ეს იქნება პლატფორმა იმის ხაგზასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში მყოფი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიორიული მთლიანობა, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის",- განაცხადა 16 თებერვალს, მინისტერიალის დაწყებამდე სტოლტენბერგმა.