ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის საზღვართან სამხედროების გაგზავნას და დიდი ალბათობით, "ლიმიტირებულ" სამხედრო შეტევას განახორციელებს.
ეს შეტევა მოიცავს საარტილერიო იერიშს და უკრაინის "საკვანძო რელიეფის" დაკავებას, თქვა მიკ მარანმა, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.
"ამ მომენტში ჩვენი შეფასებით, ისინი მოერიდებიან მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქალაქებს, ვინაიდან ასეთი ადგილების გაკონტროლებას ბევრი სამხედრო დასჭირდება. თუმცა, უცნობია რა ტერიტორიის აღებას აპირებენ რუსი სამხედროები", - თქვა ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომელმაც ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა ჟურნალისტებს.
მისი ინფორმაციით, არსებობს მეორე შესაძლო სცენარიც. ამ შემთხვევაში გაძლიერდება და გააქტიურდება სროლები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ლუჰანსკსა და დონეცკში. მსგავსი ესკალაცია "ძალიან მოსალოდნელია". ასე რუსეთს მიეცემა ამ ოპერაციაში საკუთარი როლის უარყოფის საშუალება და თავიდან აიცილებს სანქციებს", - ნათქვამია ანგარიშში.
"თუ რუსეთი წარმატებული იქნება უკრაინაში, მაშინ ის გაზრდის ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც მომავალი წლების განმავლობაში", - შიშობს ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელი. მისი თქმით, "ომით დაშინება პუტინის მთავარი პოლიტიკა გახდა".
ამ დრომდე, უკრაინის საზღვართან და ბელარუსში რუსეთს 150 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული. რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინის საზღვართან და ბელარუსში ერთობლივი წვრთნების გამო გაგზავნილი ჯარისკაცები იქ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად არიან გაგზავნილები.
ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ ომი არ სურს და სამხედროები მხოლოდ წვრთნებისთვის არიან მობილიზებული. მეტიც, კრემლი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარისკაცების ნაწილი უკრაინის საზღვრიდან დისლოკაციის ადგილს უბრუნდება.
რუსეთის ამ განცხადებების არ სჯერათ დასავლეთს და უკრაინას რადგან კრემლის განცხადებები ფაქტებით ამ დრომდე არ დასტურდება.