ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზალკალიანი: ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს


უკრაინა 16 თებერვალს ერთიანობის დღეს აღნიშნავს. კიევში დაწყებულ კამპანიას საქართველოც უერთდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თბილისში, უკრაინის საელჩოში მივიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს როგორც უკრაინის, ასევე მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი ერთიანობისთვის", - თქვა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საელჩოში ყოფნის დროს რუსეთის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ კრემლი სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს უგულებელყოფს. ზალკალიანი რუსი კანონმდებლების ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლითაც დუმის წევრები პუტინს მოუწოდებენ, დონბასის და ლუჰანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიაროს.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გუშინდელი გადაწყვეტილება მიემართა რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მოყვანილი სისრულეში, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არსებულ მძიმე სიტუაციას და საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც არის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", - თქვა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის ამ განცხადების პარალელურად მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებას" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აკრიტიკებენ, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინაში, "არ აქტიურობს უკრაინის დასახმარებლად" და უკრაინისადმი მხარდაჭერილ რეზოლუციაში არ ახსენა სიტყვა რუსეთი.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა მიიღო, თუმცა მას მხარი მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არ იყო. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რეზოლუციის შესწორებული ტექსტის რეკომენდაცია შესთავაზა, რომელიც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.

რეზოლუციის მიღებიდან მალევე, კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩაავიიდნენ ოპოზიციური პარტიები და ამ ფორმით გამოხატეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

ქართველმა და უკრაინელმა დიპლომატებმა 16 თებერვალს რუსეთის მოთხოვნების შესახებაც ისაუბრეს, სადაც მოსკოვი მოითხოვს, რომ უარყოფილი იქნეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.

"არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ ჩვენ ვიყოთ ნატოში, რაც ჩვენი ქვეყნების სუვერენული არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის", - თქვა უკრაინის ელჩმა საქართველოში ეგორ დოლგოვმა.

რუსეთის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა დავით ზალკალიანმაც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება სუვერენული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.

"არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თვითონვე აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღევანდელი გამოწვევა არ არის პირველი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული არჩევანის მისაღწევად, რაც ვერ იქნება მიღწეული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისა და დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე", - აცხადებს ზალკალიანი.

"ერთობის დღეს" უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართება, პარალელურად კი რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან წვრთნებს განაგრძობენ.

დასავლეთში აცხადებენ, რომ მოსკოვი ამ დრომდე ინარჩუნებს სამხედრო მზადყოფნისთვის პოზიციებს და შესაძლოა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ შეჭრა არ იგეგმებოდა და არც იგეგმება.

* მასალა შეიცავს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG