უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზებით შექმნილი კრიზისი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს კვლავ დღის წესრიგში ტოვებს. ევროპელ ლიდერთა ნაწილი და თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას. როგორ მოქმედებს მიმდინარე კრიზისში საქართველოს ხელისუფლება და რა ნაბიჯებს ელიან მისგან, ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში. ამ საკითხზე „ამერიკის ხმა“, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, დენ ფრიდსა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯონ ჰერბსტს ესაუბრა.
საქართველო რუსეთის „უსაფრთხოების გარანტიებში“
„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად თქვას უარი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება გასული წლის 10 დეკემებერს გააკეთა.
რუსეთის მიერ დასავლეთის წინაშე წამოყენებული „უსაფრთხოების გარანტიების“ მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ნატოს გაფართოებას ეხება და კრემლი მის მოთხოვნებზე წერილობით პასუხს ითხოვდა. პასუხის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ დასავლეთმა „პრინციპული საკითხები არ გაითვალისწინა“. ვაშინგტონი და ალიანსი აცხადებენს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება და ყოველი ქვეყნის უფლება და ფუნდამენტური პრინციპია აირჩიოს საკუთარი კურსი. მათ შორის ის, თუ უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს გახდეს.
პირველ თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუცია 74 ხმით მიიღო. დოკუმენტს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რუსეთის ფედერაცია არ არის ნახსენები როგორც აგრესორი. მმართველი პარტიის ოპონენტები დოკუმენტში რუსეთის ხსენებას მოითხოვდნენ.
„ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 13 თებერვალს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველო ყურადღებით დააკვირდება.
„მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს [უკრაინაში] ვიზიტი თუ განცხადება“ - თქვა კობახიძემ.
"საქართველომ რა ქმნა/ს" - მეტის ფრთხილი მოლოდინი
“მე მწამს, რომ საქართველოს პრობლემები მოსკოვთან ძალიან ჰგავს უკრაინის პრობლემებს მოსკოვთან “- ამბობს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი ჯონ ჰერბსტი. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველო რთულ მდგომარეობაშია, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა, მის ინტერესებში შედის.
„ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ამ კრიზისში, საქართველო უკრაინას მხარს დაუჭერს, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავთ. მე შემიძლია გავიგო, რატომ არ გააკეთა ეს საქართველომ. მე ვიტყოდი, ამისთვის შესაძლოა არსებობდეს არც იმდენად გასაგები და ასევე გასაგები მიზეზებიც. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპირებით იმუქრება - ყოველ წელს არის მცირე მოძრაობა [საოკუპაციო ხაზზე], რამდენიმე მეტრით და შესაძლოა საქართველოს არ სურდეს მოსკოვის პროვოცირება, რაც მესმის. მაგრამ, ასევე არსებობს, სულ მცირე, გარკვეული ვარაუდი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ პროვოკაციის მიუხედავად მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. მაშინაც კი, როცა მე ეს ცოტათი მესმის, მეჩვენება, რომ ისინი, [საქართველოს მთავრობა] უნდა დარწმუნდნენ, რომ პირველ რიგში, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან აქვთ“ - ამბობს ჰერბსტი.
“საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისი ქვეყნის ინტერესი, რა სურს საქართველოს, და რა სურს ქართველ ხალხს“ - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
„სურთ მათ [ქართველ ხალხს], რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის განადგურების ხილვა? სურთ რუსეთმა უკრაინაზე აღიდგინოს ძირითადი კონტროლი, როგორც ეს იანუკოვიჩის დროს იყო? არის ეს საქართველოს ინტერესებში? არ ველი, რომ საქართველომ უკრაინის პატივისცემით თავი რთულ პოზიციაში ჩააყენოს. მე მესმის ეს, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რთულ პოზიციაშია საქართველო. მაგრამ კითხვა ასეთია, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხმა ყველასთვის გასაგონი გახადოს? შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა? მე არ ვსაუბრობ სამხედრო თვალსაზრისით, ვგულისხმობ პოლიტიკურ მხარდაჭერას. რა უნდა თქვას საქართველომ შავ ზღვაში მიმდინარე მოვლენებზე? ეს საქართველოს ინტერესებს არ ვნებს?“ დენიელ ფრიდი ამბობს, რომ არ სურს, „საქართველოს მთავრობას ლექცია წაუკითხოს" იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხი, „ხელახლა აღმოაჩენს“ საკუთარ ევროპულ მიმართულებას.
„მე ვიცნობდი სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, როცა ის ფრანგი დიპლომატი იყო. ის კარგი სტრატეგიული მოაზროვნეა. მან ეს საკითხები ძალიან კარგად იცის. და მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ხელახლა აღმოაჩენენ თავიანთ საბოლოო ევროპულ მიმართულებას. საქართველოს მომავალი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული - კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფოს აშენება, სახელმწიფოსი, რომელიც მთელი ქართველი ხალხისთვის იმუშავებს“ - ამბობს ფრიდი.
შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებში საქართველოს როლზე, ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესიც საუბრობს. „ამერიკის ხმისთვის“ 10 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს.
„ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა“ - ამბობს ჰოჯესი.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი დეესკალაციისკენ ნაბიჯს არ დგამს. თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას. რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ეს შესაძლოა პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე მოხდეს. ზამთრის ოლიმპიადა 20 თებერვალს სრულდება. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონას უარყოფს და ამბობს, რომ დასავლეთის მიერ წარმოებული დიპლომატიური ძალისხმევა "ისტერია" არის, რომელიც რუსოფობიას უკავშირდება.