საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია დამტკიცდა. პარლამენტმა რეზოლუცია საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე 74 ხმით მიიღო.
“უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტი გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული".
რეზოლუციის ტექსტი ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, რადგან ამ კონტექსტში არ იყო ნახსენები ის, რომ უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს რუსეთი უქმნის და ისაა აგრესორი.
მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა ტექსტი, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, „საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან“ გამომდინარეობს და „დაცლილია პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკისგან“.
რეზოლუციაში რუსული აგრესიისა და ოკუპაციის საკითხის ხსენებისგან თავის შეკავება არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ გააპროტესტა და გააკრიტიკა. თუმცა, მათმა ნაწილმა რეზოლუციას მხარი იმ მოტივით დაუჭირა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულებისთვის გაესვა ხაზი, თუნდაც რუსეთის უხსენებლად. თუმცა რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არცერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიევთან ძალიან მჭიდრო, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს: “მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება, დელეგაციაც ჩავა!“ - თქვა ვოლსკიმ.
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ ხელისუფლება ქეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და საქართველო "უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე" არ უნდა იყოს: "რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?! არავისი გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არ გავიმეოროთ! - თქვა ქადაგიშვილმა.
"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ ის და მისი გუნდის რამდენიმე წევრი კიევში მიემგზავრებიან, რათა უკრაინელ პარტნიორებს უთხრან, რომ "ეს რეზოლუცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას".
"ყველაზე მთავარი გზავნილი, რითაც ჩვენ მივდივართ არის ის, რომ ქართველი ხალხი დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან და ამ გამოწვევას, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქვეყნებს უდგას რუსეთის სახით, ერთად უნდა გავუმკლავდეთ", - განმარტავს ხაზარაძე.