ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იან ბრჟეზინსკი: რუსეთი მხოლოდ ძალის დემონსტრირებაზე რეაგირებს


დროა დასავლეთი „რუსეთის პასიური შეკავებიდან“ „აქტიური შეკავების“ ეტაპზე გადავიდეს - ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის ამ აზრს იზიარებს იან ბრჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტს მიაჩნია, რომ დასავლეთს ახლა პოლიტიკურთან ერთად, მეტი სამხედრო მზაობა და რუსეთისთვის იმის ჩვენება სჭირდება, რომ გადამჭრელი ნაბიჯებისთვის მზადაა. ევროპის დედაქალაქებში კი უნდა ესმოდეთ, რომ ეს კრიზისი არ შეიქმნებოდა, საქართველო და უკრაინა რომ ახლა ნატოს წევრები ყოფილიყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები განაგრძობენ რუსეთის გაფრთხილებას, რომ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრა კრემლს ძვირად დაუჯდება და ამას უპრეცედენტო შედეგები მოჰყვება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, საჭიროა დასავლეთმა მანამდე იმოქმედოს, სანამ ეს მოხდება და რუსეთის აგრესია თავიდან აირიდოს. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ახლა დასავლეთს?

იან ბრჟეზინსკი
იან ბრჟეზინსკი

ვფიქრობ, ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ უკრაინაზე რუსეთის მეორე თავდასხმა შევაჩეროთ? ამ დრომდე დასავლეთის პოზიცია ძირითადად „პასიური შეკავების სტრატეგია“ იყო: სანქციების და იმ ნაბიჯების მუქარა, რომლებიც თავდასხმის შემდეგ გადაიდგმება. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი „აქტიური შეკავების“ ეტაპზე გადავიდეს და დაიწყოს იმ ინციატივების განხორციელება, რომლებიც ჩვენ კრიზისის დინამიკის კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს, ვლადიმირ პუტინს კი შეაცვლევინებს გათვლებს და უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილებას.

აქტიურ შეკავებას რამდენიმე კომპონენტი აქვს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ: პირველ ყოვლისა, ახლავე საჭიროა სანქციების ინიცირება და გაძლიერება... პუტინი ახლა უკრაინას ძვირ ფასს ახდევინებს: კაპიტალი ტოვებს უკრაინას, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილებსაც კი. რუსეთმა ამის საფასური უნდა გადაიხადოს, საპასუხო სანქციები კი უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენდა იმ ფართო სანქციებსაც, რომლებითაც პრეზიდენტი ბაიდენი და სხვები რუსეთს ემუქრებიან.

მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ნარატივი. მეტი უნდა გაკეთდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენ ამ ამბავს ზედმიწევნით ზუსტად ვყვებით, არა პუტინის გადმოსახედიდან, არამედ ჩვენი პოზიციიდან. არა მხოლოდ ჩვენი აუდიტორიისა ან უკრაინელებისთვის, არამედ კონკრეტულად რუსი ხალხისთვისაც - იმისთვის, რომ მათ ესმოდეთ, ამ კრიზისში აგრესორი ვლადიმირ პუტინია.

ფაქტია, რომ ახლა ისეთ ვითარებაში სწორედ იმიტომ ვართ, რომ გადამწყვეტად და დამაკმაყოფილებელი სისწრაფით არ ვიმოქმედეთ იმისთვის. რომ უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის გვეპასუხა

ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო აქტიური სამხედრო მობილიზაცია ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან, კონკრეტულად კი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთსა და რუმინეთში. სამი ათასი ჯარისკაცი იმ რუსული ძალის პირისპირ, რომელიც ახლა 130 000-ს აჭარბებს, არ იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ნატოს საპასუხო ძალის მობილიზებაზე, 50 ათასიან ძალაზე და მათ რეგიონში ვათავსებდეთ. ამასთან, მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინელების თავდაცვის გასაძლიერებლად, უფრო მეტი სამხედრო ჩართულობაა საჭირო და უფრო აქტიურად შეიარაღებისა და ლეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. ამ დახმარებაში ასევე, ვგულისხმობ სამხედრო ელემენტების განთავსებას დასავლეთ უკრაინაშიც. ეს პუტინის გონებაში დიდ გაურკვევლობას შექმნიდა და მის სამხედრო გეგმების ავტორებსაც გაურთულებდა გაანგარიშების გაკეთებას. ესაა ის ოთხი ელემენტი უფრო ეფექტური და უფრო „აქტიური შეკავების პოზიციისთვის“.

რუსეთი ისედაც ხშირად ამბობს, რომ ნატო მის პროვოცირებას ახდენს, ემუქრება, უკრაინელებს აქეზებს. რამდენად შეიძლება, რომ ამგვარი ნაბიჯები კრემლმა სწორედ თავდასხმის საბაბად გამოიყენოს?

მე არ მგონია, რომ ეს პროვოკაციული ნაბიჯი იქნება, პირიქით, ჯარების ეს განლაგება ვერანაირად ვერ შეუქმნის საფრთხეს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ეს იქნება დემონსტრირება ძალის, გადამწყვეტი ნაბიჯების, რადგან ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიცით, რომ პუტინი მხოლოდ დიდ, უხეშ ძალასა და მიზანდასახულობაზე რეაგირებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთის ახლანდელი შეკავების სტრატეგია ამას წარმოაჩენს. მხოლოდ ქმედებებით და ამ ქმედებების დემონსტრირებით, მათ შორის სამხედრო ჩართულობით, ესკალაციური ეკონომიკური სანქციებით, უკრაინელების მტკიცე დახმარებით შეგვიძლია დავარწმუნოთ პუტინი, შეცვალოს უკრაინასთან დაკავშირებით მისი გეგმები.

რუსული აგრესია ევროპისთვის ახალი არ არის. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები კრემლმა 2008 წელსაც შეცვალა და 2014 წელსაც. როგორ ფიქრობთ, ახლანდელი კრიზისი და მისი აღქმა დასავლეთში, ის, რომ ნატოს პოტენციური საზღვრების სიახლოვეს ომის რისკი ახლა ასეთი მკაფიოა, საქართველოსა და უკრაინას უფრო აახლოებს ალიანსის წევრობასთან თუ პირიქით, უფრო აშორებს?

ვშიშობ, რომ ეს კრიზისი ალბათ ბერლინსა და პარიზში გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში აძლიერებს იმ შეხედულებას, რომ ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობაზე. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთის აგრესიის სამწუხარო გარემოებებმა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა მათი მებრძოლი და აქცია ეფექტურ შეიარაღებულ ძალებად. ამ ძალებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ნატოს ოპერაციებში. ირონიულია, მაგრამ იმ სიძნელეებმა, რასაც ეს ქვეყნები ახლა აწყდებიან, ისინი ნატოს წევრობისთვის უკეთ მოამზადა. სამწუხაროდ, ეს აღქმა არ ქმნის და არ აჩვენებს საკმარის, გამჭოლ გზას ნატოს დედაქალაქებში გადაწყვეტილების მიმღებებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ კრიზისმა უფრო რთული უნდა გახადოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ევროპაში, მაგრამ როგორც ჩვენ ვხედავთ იმ სუსტი პასუხებიდან, რომელთაც გერმანელების, ფრანგების და ზოგიერთი სხვა მოკავშირისგან ვისმენთ, ეს კრიზისი არ ახდენს ასეთ ეფექტს.

ახლა არ არის ქვიშაში თავის ჩაყოფის და იმ კრიზისისთვის თავის არიდების დრო, რომელიც რუსეთმა შექმნა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების გვერდით დგომა და რუსეთის ამ აგრესიის დაგმობა.

მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ისეთ ვითარებაში სწორედ იმიტომ ვართ, რომ გადამწყვეტად და დამაკმაყოფილებელი სისწრაფით არ ვიმოქმედეთ იმისთვის. რომ უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის გვეპასუხა, მიგვეღო. ისინი რომ ახლა ნატოს წევრები ყოფილიყვნენ, ამ კრიზისის პირისპირ არ ვიქნებოდით და მჯერა, რომ ამ ქვეყნებში ბევრად მეტი კეთილდღეობა და სტაბილურობა იქნებოდა.

ამას კი გავლენა ექნებოდა თვითონ რუსეთშიც დემოკრატიულ რევოლუციაზე. რადგან აყვავებული, დემოკრატიული უკრაინისა და საქართველოს მეზობლად მცხოვრები რუსები დაინახავდნენ მკვეთრ განსხვავებას ავტორიტარული რეჟიმისა და ისეთი დემოკრატიულ მმართველობის პირობებში ცხოვრებას შორის, რომელიც ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების სრული წევრია. ეს ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ბიძგი რუსეთში რეალური ცვლილებებისთვის და შესაძლოა ნაწილობრივ ვლადიმირ პუტინს სწორედ ამიტომაც ეშინია უკრაინის.

სად არის დღეს საქართველოს, რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი კიდევ ერთი ქვეყნის ადგილი საერთაშორისო საჭადრაკო დაფაზე?

ვფიქრობ, საქართველოსთვის ბალტიისპირეთის ქვეყნები საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს. ისინი არ არიან ევროპის უდიდესი სახელმწიფოები, მაგრამ არიან დემოკრატიები, რომლებსაც გეოგრაფიულად ასევე აქვთ რუსულ ძალებთან გარკვეული პრობლემები. ბალტიისპირეთის ქვეყნები ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების მტკიცე წევრები და უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან. ისინი ახლა უკრაინას თავიანთ უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს ამერიკულ სამხედრო ტექნიკას უზიარებენ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ. საქართველოსთვის ზუსტად ეს ნაწილი შესაძლოა არ იყოს შესაბამისი, რადგან ის თავად არის რუსეთის აქტიური სამხედრო აგრესიის პირისპირ და თავად აქვს ძალიან ინტენსიური სამხედრო საჭიროებები.

მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია რომ უკრაინას მტკიცედ დაუდგეს გვერდით, წინ აღუდგეს იმპერიალიზმს და დაიცვას საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი, რაც მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველია ევროპაშიც, კავკასიაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ახლა არ არის ქვიშაში თავის ჩაყოფის და იმ კრიზისისთვის თავის არიდების დრო, რომელიც რუსეთმა შექმნა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების გვერდით დგომა და რუსეთის ამ აგრესიის დაგმობა.

ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც აქამდე სამხედრო ალიანსებში წევრობისგან თავს იკავებდა, ახლა სერიოზულად ფიქრობს ნატოში გაწევრიანებაზე, ვხედავთ დიდი ბრიტანეთის უფრო აქტიურ როლსა და ჩართულობას პოლონეთ-უკრაინასთანაც. როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა კიდევ ერთი შეჭრა და ომი, არის ევროპა ამჟამად უსაფრთოების ახალი არქიტექტურის შექმნის ეტაპზე?

ნატოს გაფართოების პროცესი არ იმართება ბრუსელიდან ან ვაშინგტონიდან, ის ეფუძნებოდა და ეფუძნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხალხების სურვილს, რომ გახდნენ დემოკრატიული ერების დასავლური და ტრანსატლანტიკური საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ნატოს კარზე სწორედ ისინი აკაკაკუნებდნენ და მათ შიგნიდან არავინ ექაჩებოდა. დღეს, ამ კრიზისის პირისპირ ყოფნის მიზეზთა ნაწილი კი სწორედ ისაა, რომ დასავლეთმა ვერ მოახერხა უკრაინის ტრანსატლანტიკური მისწრაფებების განხორციელება. ვერ ვფიქრობ მიზეზს, რატომ არ შეიძლება უკრაინა დღეს ნატოს წევრი იყოს. ის ასევე უნდა იდგეს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზაზეც. უკრაინა რომ ნატოში იყოს, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, არ მგონია, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ თავისი ძალებისთვის მოეყარა თავი.

ჩემთვის ირნიულია, მაგრამ ამ კრიზისის გულში, მაშინ, როცა აშკარა რუსული აგრესიის პირისპირ ვართ, ვხედავთ, რომ არსებობს გაცოცხლებული ინტერესი ფინეთისა და შვედეთის შესაძლო წევრობის თაობაზე. და კვლავ, ჩვენ უკრაინაზე საუბრისას ისევ შერეულ გზავნილებს ვაგზავნით. ეს შერეული სიგნალი კი არის დესტაბილიზაციის გამომწვევი, ის აქეზებს პუტინის მადას, მის აღქმას უკრაინისა, რომელიც შეიძლება რომ მოსკოვის კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს.

შერეული გზავნილები ახსენეთ, ჩვენ გვესმის გერმანიის პოზიციები „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ ან სხვა შესაძლო გამონაკლისებთან დაკავშირებით რუსეთის სანქცირების შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამგვარი განსხვავებული პოზიციები მაშინ, როცა ყველა ამბობს რომ ერთიანი ხმა ერთადერთი სწორი პასუხია რუსეთის აგრესიაზე?

გასაგებია, რომ გერმანელები, ფრანგები და სხვები ყოყმანობენ ამ რუსული აგრესიის პირისპირ. მათი წარუმატებლობა, მარცხი იმაში, რომ გამოიყენონ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი, წონა მზარდი სანქციების გამოყენებით მაინც... სურვილის არქონა, რომ განათავსონ ნატოს ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე, გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის ტრანსპორტირების ბლოკირება - ეს ნამდვილად კარგი ამბავია პუტინისთვის. ის ხედავს ამას, როგორც დასავლეთში დაყოფა-უთანხმოების ნიშანს და შესაბამისად შესაძლებლობას, რომ წინ წაიწიოს და განახორციელოს თავისი რევანშისტული ამბიციები იმის თაობაზე, რომ უკრაინასა და ასევე შესაძლოა საქართველოზეც კვლავ რუსული კონტროლი დაამყაროს.

რა სურს პრეზიდენტ პუტინს? ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ამერიკელ და ევროპელ ლიდერებთან პირადი შეხვედრები საკმარისად კარგი მიღწევაა შიდა აუდიტირიისთვის თავის მოსაწონებლად. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა, პოზიციონირება, გამოცდა, დათმობების მიღების მცდელობა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა არის ამ კონკრეტული მობილიზაციის საბოლოო გათვლა?

ვფიქრობ პუტინს ამოძრავებს ამბიცია, რომ რამდენადაც შეუძლია აღადგინოს მოსკოვის კონტროლი ყოფილ საბჭოთა სივრცეზე. და თუ შესაძლეებელია იმაზეც, რასაც „ვარშავის პაქტი“ გულისხმობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის პუტინის აკვიატებული ამბიცია იმაზე, რომ აღდგეს მოსკოვის დომინირება უკრაინაზე.

პუტინის მსოფლმხედველობაში უკრაინის დამოუკიდებლობა შეურაცხმყოფელია რუსეთის ისტორიისთვის და რუსული იდენტობის მისეული აღქმისთვის. მისი ყალბი ისტორიისა და იდენტობის ყალბი გაგებისთვის. მაგრამ ეს პუტინის აკვიატებაა, რომელიც ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით გამოცოცხლდა. ეს იმავეს უკავშირდება, რასაც ის 21-ე საუკუნის უდიდეს კატაკლიზმას უწოდებს - საბჭოთა კავშირის დაშლას. ის ამტკიცებს რომ უკრაინა არაა სახელმწიფო, ამას იმეორებდა პრეზიდენტ ბუშთან და სხვებთან საუბარშიც და ესვე აისახა უკრაინაზე 2014 წლის თავდასხმითაც. ამაზე საუბრობს, ყალბ ისტორიულ ესეშიც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შესახებ. და ეს აკვიატებაც შესაძლოა კიდევ უფრო გამოცოცხლდა იმით, რომ სულ ახლახან საბჭოთა კავშირის დაშლის 30 წლისთავი, აღვნიშნეთ.

ის აკვიატებულადაა ფოკუსირებული უკრაინაზე, აპირებს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ მოსკოვის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.

მაგრამ პუტინი არ არის ხრუშოვი. ის არაა გადაწყვეტილების ემოციური მიმღები ადამიანი, ის ძალიან პრაგმატული ოპორტუნისტია. პუტინი ჩვენ გვცდის, ეძებს შესაძლებლობას. ახლა კი ალბათ არ ხედავს ისეთ გადაჭრით პასუხს, რაც აუცილებელია მისთვის კურსის შესაცვლელად, მაგრამ თუკი დასავლეთი შეკავების „პასიური სტრატეგიიდან“ „აქტიური შეკავების სტრატეგიაზე“ გადავა, მეტ სამხედრო განლაგებას დაიწყებს, დააწესებს მზარდ ეკონომიკურ სანქციებს, მეტი ჩართულობა ექნება უკრაინელ სამხედროებთან უკრიანის მიწაზე, მეტ შეიარაღებას მიაწვდის მათ, ვფიქრობ ჩვენ შეგვეძლო წარმატებით შეგვეკავებინა პუტინი უკრაინაზე მეორე თავდასხმის დაწყებისგან.

სამხედრო თავლსაზრისით, როგორი სამხედრო აგრესია შეიძლება იყოს მოსალოდნელი? მაშინაც კი, თუკი კრემლი დიპლომატიური გზების მნიშვნელობაზე საუბრობს, დასავლეთში არსებობს მოსაზრებაც და დაზვერვის მონაცემებიც, რომ თავდასხმები, პროვოკაციები და კონკრეტული სტრატეგიები მზადდება.

ვერ გავთვლი პრეზიდენტ პუტინის შემდგომ ტაქტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ უნდა შევხედოთ ფაქტებს: მას ჰყავს საკმარისი თავდასხმითი ძალა, რომელიც ბოლო კვირებში კიდევ უფრო გააძლიერა. მათ შორისაა ავიაცია, ტანკები, სწრაფად მოძრავი ავტომობილები, აქვს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები, მობილური საავადმოყოები. ეს არის ძალა, რომელიც მზადაა, რომ დაიძრას. ახლა ის ამ ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს, მაგრამ ეს უკვე საკმარისია სამოქმედოდ. ამასთან, მან უკვე საკმარისად გამოხატა თავისი მისი ამბიციები უკრაინასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ახლავე უნდა ვპასუხობდეთ.

რუსეთი გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით მოსკოვისთვის მიცემული პირობები დაარღვია, რომ ის მხოლოდ თავის დასაცავად ახდენს მობილიზებას. აქვს თუ არა კრემლს თეორიული საფუძველი მაინც იმისა, რომ ამ პროცესების მსგავსი ინტერპრეტირება მოახდინოს?

არა, ისტორიისა და ევროპის სტრატეგიული ლანდშაფტის პუტინისეულ აღქმა სხვა არაფერია თუ არა - სიყალბეების ნაკრები. რუსეთისთვის პირობა არავის მიუცია.

ვერანაირი პირობა ვერ იქნებოდა მიცემული, რადგან ეს არ არის ბრიუსელის, ვაშინგტონის, ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების თუ გერმანიის კანცლერების პრეროგატივა, გადაწყვიტონ რომელიმე ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების ორიენტაცია. ნებისმიერი ასეთი პირობა იქნებოდა საერთაშორისო კანონმდებლობის და დემოკრატიული საზოგადოების საბაზისო პრინციპების დარღვევა.

სინამდვილეში ბორის ელცინმა ნატოს გაფართოებას მწვანე შუქიც კი აჩვენა. რუსეთმა აღიარა უკრაინის დეფაქტო სუვერენიტეტი 1994 წელს ამერიკასა და ბრიტანეთთან ერთად მემორანდუმზე ხელის მოწერით. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ ნატოს წევრობისკენ მისწრაფებაში და ნატოს გაფართოებაში არაფერი იყო რუსეთისთვის საფრთხისშემცველი. წლების განმავლობაში როცა რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს ზრდიდა და აფართოებდა, ნატოს ძალები ამ კუთხით მცირდებოდა კიდეც.

ნატოს მხარეს, მის აღმოსავლეთ საზღვართან არსებული სამხედრო ძალა ვერც კი შეედრება რუსეთის მასობრივ მობილიზაციას. რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი ემუქრებოდა ან ემუქრება იმისგან, რასაც ნატო 30 წლის განმავლობაში აკეთებდა.

XS
SM
MD
LG