ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის შესაძლო აღიარებაზე განცხადებას აკეთებს


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 15 თებერვალს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსი კანონმდებლები სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების აღიარებას. დღეს კი ამ რეზოლუცია ხელი დუმას თავმჯდომარემ მოაწერა და ის საბოლოო თანხმობისთვის ვლადიმირ პუტინს გადაეგზავნა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

"ნათელი რომ იყოს: კრემლის მიერ ამ მოთხოვნის დამტკიცება ნიშნავს რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფას", - ვკითხულობთ ამერიკის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი "უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს გამოუთხრის და ეს იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ეს ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას განაგრძოს დიპლომატიური ჩართულობა კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად და საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას. ასევე, კოორდინაციას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან".

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასა და მოლაპრაკებებში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურადაა ჩართული. გასული ორი თვის განმავლობაში რამდენიმე მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების გარდა, რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორისაც.

ბოლო სატელეფონო ზარი ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის შაბათს განხორციელდა.

„მე მას ვუთხარი რომ ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. ვუთხარი რომ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. გუშინ რუსეთმა თქვა რომ სურს გააგრძელოს დიპლომატია ამას მე ვეთანხმები“, - უთხრა ჟურნალისტებს ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკაფიო და თანმიმდევრულია და შეერთებული შტატები მზად არის "ყველაფრისთვის რაც შეიძლება მოხდეს".

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თვადაცვის სამინისტრო აცხადებს, თითქოს უკრაინის საზღვართან განლაგებულმა სამხედრეობმა წვრთნები დაასრულეს და ისინი ბაზებზე უკან ბრუნდებიან, დასავლეთი ამ ფაქტს ვერ ადასტურებს.

"ფაქტია, რომ ამ დროისთვის, უკრაინის საზღვართან და ბელარუსში რუსეთს 150 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული და უკრაინაში შეჭრა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა, სანამ ჯერ კიდევ არის დრო და არის საშუალება მოხდეს მათი გამოყვანა უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ ჩვენ დროებით გადავიტანეთ კიევიდან ლვოვში ჩვენი საელჩო“, - თქვა ბაიდენმა თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში.

დასავლეთის ინფორმაციით, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ რუსეთი დღეს შეჭრილიყო უკრაინაში, თუმცა ამ დრომდე სიტუაცია უცვლელი რჩება და სამხედრო ოპერაცია არ დაწყებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა.

რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინის საზღვართან და ბელარუსში ერთობლივი წვრთნების გამო გაგზავნილი ჯარისკაცები იქ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად არიან გაგზავნილები. ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ ომი არ სურს და სამხედროები მხოლოდ წვრთნებისთვის არიან მობილიზებული.

XS
SM
MD
LG