ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელები "ერთობის დღეს" აღნიშნავენ


დასავლეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინას აფრთხილებენ, რომ რუსეთის თავდასხმა ნებისმიერ დღეს არის მოსალოდნელი. დაზვერვის ცნობებზე დაყრდნობით, შესაძლო თავდასხმის დღედ 16 თებერვალი სახელდებოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინელები "ერთობის დღედ" აქცევენ. ათასობით მოქალაქე ქუჩებში უკრაინის დროშებით, ლურჯ-ყვითელი ლენტებით, დროშის ფერებში შეღებილი სახეებით და სხვა ეროვნული სიმბოლიკით გამოვიდა. დროშებია აღმართული უკრაინის არაერთ ქალაქში ამა თუ იმ დაწესებულებასა თუ ნაგებობაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 თებერვალს გაავრცელა ცნობები, რომ სამხედრო შენაერთების ნაწილი ტოვებს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს და დისლოკაციის მუდმივ ადგილებზე ბრუნდება. თუმცა დასავლელი ლიდერები ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ რუსეთის მიერ მობილიზაციის დასრულების კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

ასევე 15 თებერვალს, სპეციალური განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც და თქვა, რომ შეერთებული შტატები მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის მზადაა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდება, თუმცა ამერიკა პარტნიორების დაცვისგან თავს არ შეიკავებს. "ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ყველაფრისთვის, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიპლომატიისთვის, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. და ასევე მზად ვართ გადაჭრით ვუპასუხოთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, რისი შესაძლებლობაც ჯერ კვლავ არსებობს", თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით ამერიკა, ნატო და უკრაინა რუსეთს და რუს ხალხს არ ემუქრება. მან ისიც გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ამუშავდება.

XS
SM
MD
LG