რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს სერიოზულად აღარ მიიჩნევს.
„ეს განცხადებები, რომლებიც სტოლტენბერგმა გააკეთა, რომელიც არ ვიცი, დავიბენი, ნატოს გენერალური მდივანია თუ ბანკირი, ჩვენთვის საინტერესო აღარ არის“, - თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, მან დასძინა, რომ „ის არ არის ადამიანი, ვისი განცხადებებიც მოსკოვში აღქმული იქნება როგორც სერიოზული არგუმენტები“, - თქვა მან.
იენს სტოლტენბერგი წარდგენილი იქნა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელსაც ის ნატოს გენერალური მდივნობის ვადის დასრულების შემდეგ დაიკავებს, 2022 წლის დასასრულს.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ უკრაინის გარშემო რუსული სამხედრო მობილიზაციით შექმნილ ვითარებას, "ღრმა, არსებითი საუბარი" ესაჭიროება. "ჩვენ გვინდა ერთმანეთს მოვუსმინოთ და არა ლექციები ვიკითხოთ და ცარიელი განცხადებები ვაკეთოთ, რაც უბრალოდ სუნთქვის უსარგებლოდ ხარჯვაა", - თქვა ზახაროვამ.
დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე საკუთარ წარმომადგენლობას კიდევ უფრო ზრდის. ეს გადაწვეტილება ნატოს მინისტერიალზე იქნა მიღებული. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე არ მიღებულა გადაწყვეტილება იმაზე, მოხდება თუ აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოს ძალების "უფრო გრძელვადიანი" განთავსება. ამ დროისთვის ალიანსი, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების როტაციას ახდენს და ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობა არ აქვს.
დღეს გამოქვეყნებულ, 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას“ და სწორედ ამიტომ, მოკავშირეების დასაცავად ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ზრდის ქვეითი ჯარის და საზღვაო და საჰაერო წარმომადგენლობას. მინისტერიალს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც ესწრება.
პრესკონფერენციაზე მინისტერიალის შემდეგ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ევროპა „ახალი ნორმის“ წინაშე დგას. „ახალი ნორმა ის არის, რომ რუსეთს სურს გამოწვევის წინაშე დააყენოს ჩვენი უსაფრთხოების საბაზისო პრინციპები“, - თქვა გენერალურმა მდივანმა. „ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, თუმცა გვინახავს რაც აქამდე ხდებოდა“, - თქვა მან და დაამატა, რომ რუსეთმა იცის, რომ არ უნდა გააკეთოს არასწორი გათვლები, [ნატოს] მოკავშირეების დაცვაზე ჩვენი ერთგულების გარშემო".
ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რომ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ძალების გაყვანის მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა "უკრაინაში გაფრთხილების გარეშე, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს". რუსეთმა ჯერ სამშაბათს და შემდეგ ოთხშაბათს თქვა, რომ სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულდა, მათ შორის, ყირიმში და საჯარისო ქვედანაყოფების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება.
პირიქით, სტოლტენბერგის თქმით, ჯარების გაყვანის ნაცვლად, ნატო რუსული ძალების ზრდის გაგრძელების მოწმეა. თუმცა, ამის მიუხედავად, ალიანსი მზად არის მოსკოვთან დიალოგისთვის, თუკი კრემლი "კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს".
რუსეთის 130,000-ზე მეტი სამხედრო კვლავ უკრაინის საზღვარზე რჩება. დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრისთვის ემზადება, რასაც მოსკოვი უარყოფს.