ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დნესტრისპირეთი - რუსეთის კიდევ ერთი პოლიგონი


სამხედრო აღლუმი სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ქალაქი ტირასპოლი
სამხედრო აღლუმი სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ქალაქი ტირასპოლი

რუსეთი ევროპის საზღვარზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზაციას ახდენს. უკრაინის გარშემო მოსკოვს სამხრეთით ანექსირებულ ყირიმში, უკრაინა-რუსეთის საზღვართან აღმოსავლეთში და ჩრდილოეთით ბელარუსში, 130 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.

რუსეთს ათწლეულებია მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში საკუთარი სამხედროები ჰყავს დისლოცირებული. მიმომხილველები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთში განთავსებულ კონტინგენტს ბევრი არ უთმობს ყურადღებას, ეს დანაყოფი რუსეთისთვის შეიძლება კრიტიკული იყოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრება.

აღნიშნული აშფოთებს ვაშინგტონსაც. 14 თებერვალს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა მოლდოვაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. განცხადებამ მიზეზად კოდივ-19, უკრაინის საზღვარზე „რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მოქმედებები და [მოლდოვის] ცენტრალური მთავრობისა და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონებს შორის გადაუჭრელი კონფლიქტი“ დაასახელა. განცხადება მოლდოვაში ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს, რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, თუმცა აცხადებს, რომ გადადგამს „სამხედრო-ტექნიკურ“ ნაბიჯებს თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება. მოთხოვნებს შორის არის ნატოს მხრიდან უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

სად არის დნესტრისპირეთი?

დნესტრისპირეთი მოლდოვის რეგიონია. მისი მოსახლეობა 450,000 ადამიანია და ის უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, ცენტრალური მთავრობის ძალებთან პერიოდული და მოგვიანებით ხუთთვიანი აქტიური ომის შემდეგ. სამშვიდობო შეთანხმება 1992 წელს იქნა მიღწეული. ადგილზე განთავსებული იყო საბჭოთა ძალების მე-14 არმიაც, რომლის ნაწილებიც სეპარატისტების მხარეზე იბრძოდნენ კიშინიოვის წინააღმდეგ.

რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში
რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მოლაპარაკებები დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ეუთოს ეგიდით, ე.წ. 5+2 ფორმატში იმართება, თუმცა ამ დრომდე ეს პროცესი წარუმატებელია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვა სეპარატისტული კონფლიქტების მსგავსად, რუსეთი მოსახლეობას აქაც მის პასპორტებს ურიგებს. რეგიონს ენერგიას აწვდის, თუმცა მისი საფასურის გადახდას მოლდოვას სთხოვს.

რამდენი რუსი სამხედროა დნესტრისპირეთში?

1992 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რუსულმა შენაერთებმა ადგილზე სამშვიდობო მისია იტვირთეს და 1995 წელს რეორგანიზების შემდეგ დანაყოფები რუსულ საოპერაციო ძალებად გადააკეთეს. ისინი იცავენ ევროპის ყველაზე დიდ სამხედრო საწყობს, რომელიც კობასნას ამუნიციის საწყობის სახელით არის ცნობილი. საწყობი უკრაინის საზღვრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

მოლდოვა და ეუთო რუსული ჯარების გაყვანას და ამუნიციის ქვეყნიდან გატანას წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. რუსეთი აცხადებს, რომ ადგილზე რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საჭიროა „უსაფრთხოების ფაქტორიდან“ გამომდინარე, რათა რუსეთის მოქალაქეები (რუსეთმა ადგილზე დაახლოებით 200,000 პასპორტი გასცა) დაიცვან და დაპირისპირება არ განახლდეს.

დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს ასევე ჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომელშიც 4500-7500-მდე ჯარისკაცია გაწევრიანებული.

დამატებითი საფრთხე უკრაინისთვის?

მოლდოვის ამ სეპარატისტული რეგიონიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის ფონზე, უკრაინამ აკრძალა დნესტრისპირეთის ნომრებით ქვეყანაში შესვლა. ეს ნაბიჯი კიევმა 2021 წლის 1 სექტემბერს გადადგა.

დაძაბულობა გაიზარდა იანვარში, როცა უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა, რუსეთის სპეციალურ სამსახურებს ბრალი დასდეს კობასნაში პროვოკაციის დაგეგმვაში, რათა ეს პროვოკაცია შემდეგ უკრაინაში შეჭრის საბაბად ყოფილიყო გამოყენებული.

ერთი თვის შემდეგ, უკრაინის შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა იმის გამო, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს.

დნესტრისპირეთში გაზრდილი დაძაბულობის და აქტივობის ფონზე, მოლდოვის ცენტრალური მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს. „ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ რაიმე უჩვეულო აქტივობას დნესტრისპირეთში, თუმცა ვფიქრობთ ვითარება შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ გამოცემა „ფორინ პოლისისთან“ საუბარში. „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ძალების გაყვანის მოთხოვნას მოლდოვის ტერიტორიიდან“, - თქვა მან.

„ენ-ბი-სი ნიუსის“ მიერ 10 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ამერიკის სამხედრო და სადაზვერვო შეფასებებს ეყრდნობოდა, შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმები ასევე მოიცავდეს რუსეთის მოლდოვასთან სახმელეთო დაკავშირებას. ექსპერტები ასევე საუბრობენ რუსეთის შესაძლო გეგმებზე დაიკავოს ქალაქი ოდესა. სამხედრო თვალსაზრისით, ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვისთვის მოლდოვაში განთავსებული მისი ჯარი მნიშვნელოვანი იქნება.

თუმცა რუსეთს ასევე ჰყავს შენაერთები ოკუპირებულ ყირიმში. ამასთან, რუსეთის საზღვაო ძალების შენაერთები ასევე მობილიზებული არიან შავ ზღვაშიც, სადაც 20 თებერვლამდე სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG