მძევლების გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება, ამბობენ „ჰამასის“ წარმომადგენლები

„ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის პირი, აბუ ჰამიდი, რომელიც ორგნიზაციის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში იმყოფება, ამბობს, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაა აუცილებელი.

ჰამიდი რუსულ „კომერსანტთან“ საუბრის დროს, განმარტავს, რომ ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშების შედეგად 50 მძევალი უკვე დაიღუპა. მისივე თქმით, „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების მზადყოფნა უკვე აჩვენა იმით, რომ ღაზიდან 4 მძევალი გაათავისუფლა და მათ შორის ამერიკის ორი მოქალაქეა.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია გაათავისუფლოს მძევლები და გაანადგუროს „ჰამასი“, რისთვისაც ის სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კი აჩვენებს, რომ მოქალაქეების თითქმის ნახევარს სურს ქვეყანამ სახმელეთო ოპერაცია შეაჩეროს მანამ, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან. ისრაელში მოსახლეობის ნაწილს აშფოთებს ის, რომ ინტენსიურ საჰაერო დაბომბვებში შეიძლება მძევლებიც დაიღუპონ.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ღაზის სექტორის შიგნით ისრაელმა უკვე ჩაატარა რამდენიმე სახმელეთო რეიდი.

„ჰამასის“ მებრძოლებმა 224 მძევლის აყვანა 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის დროს შეძლეს. თავდასხმას 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი საპასუხო იერიშების შედეგად, 7000-მდე ადამიანი დაიღუპა - ამბობ, ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება.

„ჰამასი“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, წლებია ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.