ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა


ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილი და ალი ასადოვი (მარცხნიდან მარჯვნივ). თბილისი, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2023 წ.
ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილი და ალი ასადოვი (მარცხნიდან მარჯვნივ). თბილისი, საქართველო. 26 ოქტომბერი, 2023 წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით.

„გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრა, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.

შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს - ირაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს - შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ალიევის წინადადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას“ და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG