რუსეთში უცხოეთის აგენტების კანონის შემოღების წინაპირობებზე, მისი დამტკიცების შემდგომ პროცესებზე და კანონში შეტანილ უამრავ შესწორებაზე, ასევე - საქართველოსთან სიტუაციის გარკვეულ მსგავსებასა და განსხვავებაზე, საუბრობს ამერიკელი სპეციალისტი რეიჩელ დენბერი. ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილეა უფლებადამცველ ორგანიზაციაში "ჰიუმან რაითს ვოჩი" და რუსეთსა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ადამიანის უფლებების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ ითვლება.
ინტერვიუ რედაქტირებულია მეტი სიცხადის შეტანისა და შემოკლების მიზნით.
რა კონტექსტში მოხდა რუსეთში უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, როგორი იყო პოლიტიკური ლანდშაფტი მაშინ?
მართლაც აუცილებელია, გვახსოვდეს ის პოლიტიკური კონტექსტი, რომლის ფონზეც 2012-ში, რუსეთში, უცხოეთის აგენტების კანონპროექტის ინიცირება გადაწყდა. ვლადიმირ პუტინმა ოთხი წელი პრემიერ-მინისტრის სავარძელში გაატარა და შემდეგ კვლავ ქვეყნის პრეზიდენტის უმაღლეს პოსტზე დაბრუნდა.
მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, 2011 და 2012 წლებში, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში, უპრეცედენტოდ მასობრივი ანტისამთავრობო მიტინგები გაიმართა. რუსი ხალხი რამდენიმე რამეს აპროტესტებდა. უპირველესად, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ 2011-ის ბოლოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, რომელშიც, მათი აზრით, გაყალბების ელემენტები შეინიშნებოდა. ამას გარდა, ისინი აღაშფოთა პუტინსა და მედვედევს შორის [პრემიერის და პრეზიდენტის] პოზიციების გაცვლის პროცესმა... აშკარა იყო, რომ რუსი ხალხის აზრი, მისი არჩევანი და ამ პროცესში მონაწილეობა, კრემლს არ აინტერესებდა. ამას დაემატა შეშფოთება მთავრობაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის ფაქტებზე. ასე რომ, მოსკოვში აქამდე არნახულმა მასობრივი პროტესტის მუხტმა იფეთქა.
რუსეთი ამას ისევ და ისევ გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიდა
პუტინის ინაუგურაციის შემდეგ, ოპოზიციისა და კრიტიკული აზრის დევნა მასობრივად დაიწყო და უცხოეთის აგენტების კანონი ამ დევნის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტი გახდა. რამდენიმე სხვა კანონიც მიიღეს, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შესაზღუდად, თუმცა წამყვანი მაინც ეს, უცხოეთის აგენტების კანონი იყო.
რა თქმა უნდა, რუსეთი ამას ისევ და ისევ გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიდა. მთავრობის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ კანონპროექტი არ იყო რეპრესიების იარაღი, არამედ ის მხოლოდ გამჭვირვალობის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ამ დროისთვის, რუსეთში უკვე დაწყებული იყო დასავლეთის მტრულ ძალად წარმოჩენის პროპაგანდა, იმართებოდა დისკუსიები იმაზე, თუ როგორ აწყობდა დასავლეთი ფერად რევოლუციებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.
მას რუსეთშიც ამერიკულ "ფარას" ადარებდნენ? - უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს შეერთებულ შტატებში?
2012 წელს, აგენტებზე კანონის აუცილებლობის დასაბუთებისას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო და მას ძალიან ხშირად იყენებდნენ. ამაზე საუბრობდნენ რუსი პარლამენტარები, მთვრობის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები, კრემლის მიერ კონტროლირებული მედია, ანალიტიკოსები და ბევრი სხვა.
ისინი ყალბ პარალელს ავლებდნენ და იმასაც კი ამბობდნენ, რომ რუსული კანონი გაცილებით დამზოგველია, ვიდრე ამერიკული “ფარა”, რომ არსებობენ აგენტობის გამო შეერთებულ შტატებში გასამართლებული ადამიანები. ცდილობდნენ ისეთი რეალობა ეჩვენებინათ, თითქოს ამერიკაში ამ კანონის აღსრულების მექანიზმებიც კი ბევრად მკაცრია.
ისინი ყალბ პარალელს ავლებდნენ და იმასაც კი ამბობდნენ, რომ რუსული კანონი გაცილებით დამზოგველია, ვიდრე ამერიკული “ფარა"
მაგრამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკაში უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი მხოლოდ და მხოლოდ ლობიზმის რეგულირებას ეხება - სხვა ქვეყნის მთავრობათა ლობისტებს, რომლებიც ვაშინგტონში სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატანას ცდილობენ. “ფარას” მიზანი, ამერიკაში, არასდროს ყოფილა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება ან მთავრობის კრიტიკის ჩახშობა, - არაფერი იმის მსგავსი, რაც რუსეთში ხდებოდა და ხდება.
დიახ, სწორედაც რომ ასეა, რუსეთიც გამუდმებით აპელირებდა “ფარაზე” და ეს აბსოლუტურად ყალბი შედარება გახლდათ.
რა რეაქცია მოჰყვა ამ კანონის მიღებას რუსეთში? როგორც ვიცი, ბევრმა უარი თქვა რეგისტრაციაზე და უბრალოდ დატოვა ქვეყანა.
კანონის მიღების შემდეგ, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციას და ამ წარმოუდგენელ ნუსხაში ნებაყოფლობით შესვლას, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ დათანხმდა. ყველამ ბოიკოტი გამოაცხადა. კონოტაციასაც ხომ მნიშვნელობა აქვს? როგორც იცით, “აგენტი” საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საეჭვო ადამიანთან, ჯაშუშობასთან, ღალატთან ასოცირდებოდა. ამ კონოტაციას სამთავრობო მედიაც ამყარებდა, საუბრობდნენ იმაზე, რომ უცხოელები რუსეთის სახელმწიფოს განადგურებას ცდილობენ და მათ ეს არ უნდა დაეშვათ.
ბოიკოტის შემდეგ, 2013-ში, რუსეთის პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდები და ჩხრეკა მოაწყო, რათა ერთი მხრივ ისინი დაეშინებინა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამოეღო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მათ შემდგომ შევიწროებას და სამართლებრივ დევნას.
ასეთი იყო კანონის მიღების შემდგომი ფაზები. მალე ქვეყანა დატოვა USAID-მა, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელიც რუსეთში, სხვადასხვა სფეროში, უამრავ პროგრამას აფინანსებდა. ის პრაქტიკულად ქვეყნიდან განდევნეს, რუსეთში მუშაობა მისთვის შეუძლებელი გახდა.
ატმოსფერო ამის შემდეგ ძირფესვიანად შეიცვალა. რუსეთი ბევრმა საერთაშორისო დონორმა დატოვა, რადგან უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს კანონი არ იყო გამჭვირვალობისკენ მიმართული. სანაცვლოდ, მას საფუძვლად ედო სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და კრიტიკული აზრის ჩახშობა.
რუსეთი ბევრმა საერთაშორისო დონორმა დატოვა, რადგან უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს კანონი არ იყო გამჭვირვალობისკენ მიმართული. სანაცვლოდ, მას საფუძვლად ედო სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და კრიტიკული აზრის ჩახშობა.
პრობლემის კიდევ ერთი განზომილება კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებებია, რომელთაც ბოლო არ უჩანს, სულ ახლახან შევიდა არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი შესწორება.
წლიდან წლამდე, ახალი შესწორებები თანდათანობით და მრავლად შევიდა. პირვანდელთან შედარებით, უცხოეთის აგენტის კანონის მასშტაბი რუსეთში გაცილებით გაფართოვდა და ეს რამდენიმე მიმართულებით ხდებოდა. ჯერ ერთი, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ის ეხება, რადგან კანონში გაფართოვდა “უცხოური დაფინანსების” განსაზღვრება. ამას გარდა, გამკაცრდა დასჯის მექანიზმები მათ წინააღმდეგ, ვინც კანონს არღვევდა.
ქართული კანონისგან განსხვავებით, რომელიც უცხოეთიდან 20%-ზე მეტ დაფინანსებაზე საუბრობს, რუსეთში უცხოეთიდან მიღებული ერთი კაპიკიც კი დაფინანსებად ეთვლებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ე.წ. პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად მიიჩნევდნენ. ტერმინ „პოლიტიკური აქტივობის“ მნიშვნელობაც, რუსეთის კანონმდებლობაში, დროთა განმავლობაში გაფართოვდა და აქ არასამთავრობოთა მუშაობაც შევიდა, თუნდაც ის მხოლოდ სოციალური მომსახურების სფეროთი, ან სხვა, სრულიად განყენებული საქმიანობით ყოფილიყო შემოფარგლული.
და რა ითვლება რუსეთში, კანონის დღევანდელ ვერსიაში, “უცხოურ დაფინანსებად”?
წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: ნაცნობი გპატიჟებთ სასმელზე და მას თურმე ფული, რაღაც მომენტში, უცხოეთიდან აქვს მიღებული, რაც თქვენ არ იცით. წარმოუდგენელი სიფრთხილეა საჭირო, ვირტუალურად თითქმის შეუძლებელია ამის გათვლა, თუ საიდან შეიძლება გარშემო მყოფ ადამიანთა ხელში არსებული თანხა მოდიოდეს.
როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით დაიწყო. შემდეგ მათ დაემატა ე.წ. არარეგისტრირებული უცხოეთის აგენტების შევიწროება და ძალიან მალე - მედიაც. ამის შემდეგ კონკრეტულ ინდივიდებს მიადგნენ, ისეთებსაც, რომელთაც უშუალოდ უცხოეთიდან დაფინანსება არ ეხებოდათ, მაგრამ მეორე ან მესამენი იყვნენ თანხის მიმღებთა რიგში და ეს უკვე “უცხოური დაფინანსების” კონცეფციის გაფართოებით მოხდა.
ასე რომ, კანონის შემოღებიდან ძალიან მალე, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მთავარი იყო ის, თუ რა აქტივობაში იყო ესა თუ ის ადამიანი, ან ორგანიზაცია ჩართული. შემდგომში ამის მიხედვით ცდილობდნენ ჯაჭვში უცხოური დაფინანსების კვალის პოვნას.
თანხების წარმოშობა, სინამდვილეში, დიდად არავის აინტერესებდა. მთავარი იყო ის, თუ რა აქტივობაში იყო ესა თუ ის ადამიანი, ან ორგანიზაცია ჩართული.
მაია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კანონი დროთა განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა და ის შეეხო არჩევნებში მონაწილეობასაც. ამ ე.წ. უცხოეთის აგენტებს არა მარტო არჩევნებში, არამედ სხვა სფეროებშიც არ აქვთ დასაქმების უფლება. მაგალითად - განათლებაში, ვერანაირად ვერ დაიჭერ საქმეს ბავშვებთან, ასევე ვერ იმსახურებ საჯარო სამსახურებში და ა.შ.
რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, ადამიანთა ერთგვარი კასტა შექმნეს, საზოგადოებისგან მოკვეთილებივით არიან. რუსულ საზოგადოებაში შეიქმნა მთელი ჯგუფი ადამიანებისა, რომლის წევრებიც გარიყეს მხოლოდ ერთი ნიშნით: მათ კრემლისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი აზრი გააჩნდათ, ან რაიმე დამოუკიდებელ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი.
დაახლოებით, რამდენი ორგანიზაციაა დღეს რუსეთის უცხოეთის აგენტთა რეესტრში?
ასობით ინდივიდი და ორგანიზაციაა გატარებული რუსეთის უცხოეთის აგენტთა რეესტრში. ბევრმა ქვეყანა მანამ დატოვა, სანამ მათ აგენტად გამოაცხადებდნენ. სია განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. Მას, ბოლო ორ წელში, დაახლოებით 188 სუბიექტი დაემატა. იუსტიციის სამინისტრო, როგორც წესი, რეესტრის შევსებისას, ყოველ ჯერზე დიდ სანახაობას აწყობს და მათ სახელებს საჯაროდ აცხადებს…
ნებისმიერი სამთავრობო კრიტიკა ახლა რუსეთის სახელმწიფოზე პირდაპირ თავდასხმად ითვლება. ამ ეტაპზე ნებისმიერი თავისუფალი აზრი განიხილება, როგორც უცხოეთიდან, დასავლეთიდან მომავალი რუსეთის დასუსტების მცდელობა, რომელიც ძირს უთხრის რუსეთის სახელმწიფოებრიობას. ჩემი აზრით, ეს ყოველივე პარანოიდულ ბოდვას უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას.
ბოლო კითხვა: თქვენი აზრით, რატომ არ უნდა დაადგეს ამ გზას საქართველო, რომლის მთავრობაც კანონის საჭიროებას ასევე გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის.
საქართველოში რუსეთის მსგავსი კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ შედეგსაც იგივეს მივიღებთ - ადამიანებისა და ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და დასჯას, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება გააჩნიათ
გამჭვირვალობაში ცუდი არაფერია და ჩვენ, ცხადია, მას მივესალმებით. მაგრამ, საქართველოში რუსეთის მსგავსი კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ შედეგსაც იგივეს მივიღებთ - ადამიანებისა და ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და დასჯას, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება გააჩნიათ. საქართველო ამ გზით არ უნდა წავიდეს, რადგან ეს გზა ადამიანის უფლებებს ზღუდავს, მის თავისუფლებებს აკნინებს.
მთავრობა აშკარად ცდილობს კრიტიკოსების დაშინებას და გარკვევით ამბობს, რომ კანონს ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ გამოიყენებს. ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ ისინი, სამწუხაროდ, უარს არც სხვა მეთოდებზე ამბობენ. არ მგონია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა აქტივისტების, თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, მათი შეშინებისკენ მიმართული პლაკატების გაკვრა, ან აბსურდული სატელეფონო ზარების მთელი სერია ადამიანებს აფრთხობდეს და ეს მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარს ათქმევინებდეს.
საქართველო არ უნდა წავიდეს აქტივისტების აგენტებად, მოღალატეებად და სახელმწიფოს მტრებად გამოცხადების გზით, როგორმე უნდა აიცილოს თავიდან ტირანიისკენ მიმავალი ეს სახიფათო გზა. ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში, არც ქართველი ხალხის ინტერესებში, არ შეესატყვისება საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს და არ შეესაბამება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ამბიციებს.
Your browser doesn’t support HTML5