მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინი უსულოდ და მკვლელად მოიხსენია, რუსეთის პრეზიდენტმა პირველი განცხადება გააკეთა. პუტინმა დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ მან 2011 წელს პუტინს მას პირადად უთხრა, რომ "სული არ აქვს".
"დიახ ნამდვილად ასე იყო, როგორც თქვა. მან თქვა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით და ეს ასეა. ჯანმრთელობას ვუსურვებდი. დიახ, ამას ირონიის გარეშე ვამბობ, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს პირველი, მეორე- თუ ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ვიტყვი, რომ ყველა ერის ისტორიაში, ყველა ხელისუფლების პირობებში არის ბევრი რთული, დრამატული და სისხლიანი მოვლენა. როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან სახელმწიფოებს, ერებს, ჩვენ ვსაუბრობთ ისე, როგორც სარკეში. ჩვენ ყოველთვის ვიხედებით ჩვენი თავიდან და ასე ვაფასებთ სხვებს. ჩემს ბავშვობაში, როცა ვჩხუბობდით, ხშირად ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ვინც იძახის, თავის თავზე იძახის. ეს არ არის ხუმრობა და არც მხოლოდ ბავშვების გამონათქვამი. მას ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველთვის ვხვდებით, ვამჩნევთ საკუთარ თვისებებს სხვა ადამიანებში და ვფიქრობთ, რომ ისინი ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ სინამდვილეში",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღვოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი გამოიძახა კონსულტაციებისთვის.
ასევე ნახეთ: რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიძახა
"რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვი, მოსკოვში არის მოწვეული კონსულტაციებზე, რათა გაანალიზდეს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან,"- წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიძახა, თეთრმა სახლმა პირველი გაცნცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენის პრესსპიკერი ამბობს, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან განსხვავებული მიდგომა ექნება.
ასევე ნახეთ: "ჩვენ გვექნება განსხვავებული მიდგომა რუსეთის მიმართ",- თეთრი სახლი
"რა თქმა უნდა, გავეცანით ინფორმაციას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ადმინისტრაცია აპირებს განსხვავებული მიდგომა, ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ვიდრე ეს იყო წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუს დროსაც ისაუბრა და აღნიშნა საკუთარი დამოკიდებულება ამ მხრივ. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ ყველგან, სადაც ვითარება არის რთული და ეს გვაშფოთებს. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რაზეც განსხვავებული დამოკიდებულებები გვაქვს. მათ შორის არის ალექსეი ნავალნის საქმე და სხვები. ამავე დროს, არის ისეთი საკითხები, სადაც ჩვენ (*ამერიკამ და რუსეთმა) შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მაგალისისთვის ეს ეხება "ახალი სტარტის შეთანხმებას" სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ჩვენ ყოველთვის დავაფიქსირებთ პოზიციას და ვისაუბრებთ იმ საკითხებსა და ქმედებებზე, რაც გვაშფოთებს,"- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენის ინტერვიუს შემდეგ, რუსეთის ეს ქმედება არ გაკვირვებიათ.
Your browser doesn’t support HTML5
პროცესები მას შემდეგ განვითარდა, რაც ტელეარხ "ABC"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინი მკვლელად მოიხსენია და გაიმეორა, რომ პუტინს სული არ აქვს.
ინტერვიუს ფარგლებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის პირდაპირი ხელმძღვანელობისთვის. ბაიდენის თქმით, საპასუხო ნაბიჯები მალე გამოცხადდება.
ასევე ნახეთ: ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინი ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის საფასურს მალე გადაიხდის
„ის საფასურს გადაიხდის“, თქვა ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, პრეზიდენტმა უპასუხა „მალე ნახავთ“.
პრეზიდენტის კომენტარს წინ უძღოდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნებით გამყარდა ბრალდება, რომ პუტინი პირდაპირ იდგა მოსკოვის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის ძალისხმევის უკან. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.