პუტინი უკრაინიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო.

„ნატოში [უკრაინის] ოფიციალურად გაწევრიანება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ამ ტერიტორიის სამხედრო განვითარება უკვე მიმდინარეობს. ეს კი საფრთხეს უქმნის რუსეთს,“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ასევე ნახეთ: "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება აშშ-ის ეროვნული ინტერესია" - ლოიდ ოსტინი

ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები გამწვავებულია, რადმენიმე დღის წინ კი კიევში მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ „ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაში ვერცერთი მესამე ქვეყანა ვერ ჩაერევა“.

რუმინეთში ვიზიტის დროს კი ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილია". ლოიდ ოსტინის თქმით, რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა. ამასთან, პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა.

2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთი უკრაინის ანექსიას განაგრძობს, რის გამოც მოსკოვს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ საუბრობს რუსეთის მოკავშირე ბელარუსიც. ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მინსკი და მოსკოვი ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ საფრთხეების გასანეიტრალებლად. მანამდე რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს.

Your browser doesn’t support HTML5

პუტინის შიშები და წითელი ხაზები უკრაინაზე

ვაშინგტონი კი კიევისთვის სამხედრო დახმარებას ზრდის. ზაფხულის ბოლოს უკრაინასა და ამერიკას შორის სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.