ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილია".
ლოიდ ოსტინმა განცხადება რუმინეთში ვიზიტის დროს გააკეთა და გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების კავშირი და მათი თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს საკითხებია.
ბუქარესტში პენტაგონის ხელმძღვანელი რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს და თავდაცვის მინისტრ ნიკოლაი ციუკას შეხვდა. ოსტინმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი რეგიონის მილიტარიზებას ცდილობს, შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თქმით, რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა. ამასთან, პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა.
ლოიდ ოსტინი რუმინეთში ჩასვლამდე საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა და მათი სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა. რუმინეთის შემდეგ კი ის ბრიუსელში ჩადის, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
Facebook Forum