ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინის ვიზიტზე საქართველოში პენტაგონი განცხადებას ავრცელებს 


თბილისში ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მან საქართველო უკვე დატოვა. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თავდაცვის დეპარტამენტმა, სადაც პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„მდივანი ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ორივე შეხვედრაზე მდივანმა ოსტინმა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება განიხილა. საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შავ ზღვასა და საქართველოში. მდივანმა ოსტიმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

პენტაგონში გაკეთებულ განცხადებაში კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისი თქმით, ლოიდ ოსტინმა საქართველოს ავღანეთში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმი კიდევ უფრო ამყარებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ - წერია თბილისში ამერიკის სელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ბოლოს ოსტინმა საქართველოში მყოფი ამერიკელი სამხედროები მოინახულა. "მე მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ მათით", წერია "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეოს აღწერაში.

2014 წლის შემდეგ, ლოიდ ოსტინი აშშ-ის თავდაცვის პირველი მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG