ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მოუწოდა რუსეთს იყოს გამჭვირვალე “ზაპად-2021”-ის სახელით ცნობილი სამხედრო წვრთნებისა და იმის შესახებ, რამდენი სამხედრო იქნება ჩართული ამაში. რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ პოლინეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა.
წინა ჯერზე მსგავსი სამხედრო წვრთნები რუსეთმა ნატოს საზღვართან ჩაატარა. ნატოს მოკავშირე ქვეყნების ოფიციალური პირების განმარტებით, საერთაშორისო წესების არსებობის მიუხედავად, მაშინ რუსეთმა მკვეთრად გადააჭარბა მასშტაბებს.
“რუსეთის ქმედებები უნდა იყოს პროგნოზირებადი და გამჭვირვალე”,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სამხედრო წვრთნების ძირითადი ნაწილი ერთ კვირაში, 10 სექტემბერს უნდა დაიწყოს.
ნატოს ოფიციალური პირების განმარტებით, "ზაპადის" მანევრები, იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროებს განალაგებს, ზრდის რისკებს. ამ რისკებში იგულისხმება როგორც პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის დაძაბვა, ისე გარკვეული შეცდომები წინასწარ გათვლებში.
"წინა წლებში ვხედავდით, რომ წვრთნებში მონაწილეების რაოდენობა, ყოველთვის აღემატებოდა გავრცელებულ მონაცემებს",- თქვა სტოლტენბერგმა და მოუწოდა მოსკოვს დაემორჩილოს ვენის შეთანხმებას, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას არეგულირებს.
ნატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ზაპად-2017"-ის დროს, რუსეთმა თქვა, რომ წვრთნებში 12,700 ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, რეალური რიცხვი 60,000-დან 70,000-მდე იყო.
რუსეთი, რომელიც წვრთნებს ამჯერად ბელარუსის ძალებთან ერთად ჩაატარებს, ნატოს განცხადებაზე საპასუხოდ ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სამხედროების წვრთნა მისი უფლებაა. მოსკოვში ასევე ამბობენ, რომ რიცხვები, რომელსაც ისინი აცხადებენ, სიმართლეს შეესაბამება.
Facebook Forum