ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის რეპუტაცია და სიტყვის სანდოობა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნის მთავრობისგან ევროკავშირის მიერ შთავაზებული მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარს და ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

„გამოცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც 2-ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი ანუ 300 მილიონი ლარის სესხს."

პრეზიდენტმა აღნიშნა, რიმ "გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ 2-ციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია,"-თქვა მან.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ამ ნაბიჯით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი, ამ სესხის აღება ან არაღებით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის რეპუტაცია და სიტყვის სანდოობა.

„მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება აქვს, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებზე ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგებზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე,"-ამბობს ის და დასძენს, რომ "საჭიროა, სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები“.

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG