ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტაილანდში სამიტზე იმყოფება. სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბირთვული რაკეტა გამოსცადა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთ კვირაში.
პომპეომ ამერიკა-აზიის სამიტი ხუთშაბათს თავის კოლეგებთან ბანგკოკში შეხვედრით დაიწყო და თქვა, რომ მათი უმრავლესობა იზიარებს საერთო შეხედულებას უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის საკითხებზე ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში.
"ათწლეულების განმავლობაში ამერიკულ დიპლომატიას ამ მიმართულებით მუდამ განსაზღვრავდა თანამშრომლობის სურვილი და ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, საერთო ვალდებულებები და ერთგულება კანონისა და ადამიანის ულებების ფუნდამენტური პრინციპებისა ისევე, როგორც ეკონომიკური ზრდისა", - განაცხადა პომპეომ. მან რეგიონში ამერიკის ეკონომიკურ ჩართულობაზეც ისაუბრა.
ტაილანდში გამგზავრებამდე მას ჰკითხეს, განაახლებს თუ არა მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, მაგრამ წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ მოლაპარაკებები სპეციალურ წარმომადგენლებს შორის განახლდება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სტივენ ბიგანი, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი, ბანგკოკში ამერიკის დელეგაციის წევრი ნამდვილად არის. ასეანის სამიტი აქამდეც არაერთხელ იყო ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებებისთვის გამოყენებული, მაგრამ ფხენიანმა ბოლოს აღნიშნა, რომ მისი პირველი დიპლომატი შესაძლოა ამ სამიტს წელს არ დაესწროს.