ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეა ავრცელებს. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს შეფასებით, ჩრდილო კორეამ ახალი ტიპის მოკლე რადიუსიანი ბირთვული რაკეტა გაუშვა. საბჭომ ძლიერი შეშფოთება გამოხატა ფხენიანის ამ ქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და სამხედრო დაძაბულობის შემსუბუქებას ხელს არ შეუწყობს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებების ცნობით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ ქალაქ ვონსანიდან აღმოსავლეთით იყო გაშვებული და ის ზღვაში ჩავარდა. პირველი რაკეტის რადიუსი, დაახლოებით, 430 კმ იყო, მეორისა კი - 690 კმ.
სეულის თავდაპირველი შეფასებით, ორივე რაკეტის რადიუსი დაახლოებით 430 კმ იყო. მკვლევარების აზრით, ეს მაისში გაშვებული ბირთვული რაკეტების მსგავსი რაკეტები შეიძლებოდა ყოფილიყო.
სამხრეთ კორეა ამ ქმედებას სერიოზულ ესკალაციად აფასებს. მაისში გაშვებულ რაკეტებსაც ქვეყანა თავდაპირველად ამგვარად არ მოიხსენიებდა. თუმცა ამჯერად, ის უკვე პირდაპირ უწოდებს მათ ბირთვულ რაკეტებს - ეს კი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.
მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპისა და კიმ ჩენ უნის სამი შეხვედრისა, ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით არ განვითარდა. დაახლოებით, ერთი თვის წინ პრეზიდენტი ტრამპი პირველი ამერიკელი ლიდერი გახდა, რომელიც ჩრდილო კორეაში "ჩავიდა". მან კიმ ჩენ უნს ხელი დემილიტარიზებულ ზონაში ჩამოართვა. ტრამპმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ზონაში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. ამას ბევრი გარდამტეხ მოვლენად აფასებდა, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებები წინ არ წასულა. ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციები განაგრძო. ანალიტიკოსების აზრით, ეს კიმის მხრიდან მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად კეთდება.
Facebook Forum