სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ეს ერთ კვირაში მეორე შემთხვევაა, როცა ფხენიანმა რაკეტა გამოსცადა. ერთმა რაკეტამ 420, ხოლო მეორემ 270 კილომეტრი დაფარა - განაცხადა ოფიციალურმა სულმა.
რაკეტა ჩრდილოეთ ფხენიანის პროვინციიდან აღმოსავლეთით გაისროლეს. პროვინციაში სინო-რის სარაკეტო ბაზა მდებარეობს. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი უსაფრთხოების ზომებს ზრდიან.
სეულმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო ცდები არ უწყობს ხელს ორ კორეას შორის სამხედრო დაძაბულობის განმუხტვას. ფხენიანის თქმით კი ცდები „თავდაცვითი" ხასიათისაა.
გასული წლის აპრილში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ტრამპმსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, ფხენიანმა განაცხადა, რომ ბირთვულ და ბალისტიკურ ცდებს შეწყვეტდა, თუმცა ეს ფორმალური შეთანხმება არ ყოფილა.
ერთი წლის თავზე, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია. პირველი სარაკეტო გამოცდის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა კორეის ლიდერი მზადაა შეთანხმებისთვის.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს სარაკეტო ცდებს, იმის ნიშნად, რომ ფხენიანი უკმაყოფილოა გაყინული მოლაპარაკებებით.
კიმ ჩენ უნი შეერთებული შტატებისგან სანქციების გაუქმებას ითხოვს, ბირთვული პროგრამის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯების სანაცვლოდ. ხოლო ვაშინგტონი დათმობებზე წასვლამდე, ფხენიანისგან ითხოვს ბირთული არსენალის სრული განადგურების დაპირებას.
Facebook Forum